უკრაინელი დამკვირვებელი - არ შეგვიმჩნევია ისეთი დარღვევები, რამაც შეიძლება, გავლენა მოახდინოს თავისუფალ არჩევანზე
უკრაინელი დამკვირვებელი - არ შეგვიმჩნევია ისეთი დარღვევები, რამაც შეიძლება, გავლენა მოახდინოს თავისუფალ არჩევანზე

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკრაინელი დამკვირვებლებიც აკვირდებიან. სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები უკვე რამდენიმე დღეა, თბილისში იმყოფებიან.

ისინი აკვირდებოდნენ როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ასევე აკვირდებიან უშუალოდ არჩევნების დღეს. მათი თქმით, მნიშვნელოვანი დარღვევები, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა თავისუფალ არჩევანზე, ჯერ არ დაფიქსირებულა.

„რამდენიმე დღეა, თბილისში ვარ. ვაკვირდებოდით ასევე წინასაარჩევნო გარემოს და იმას, თუ როგორ მიმდინარეობდა აგიტაცია. რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ დღეს, არჩევნების ორგანიზებას მაღალი ხარისხით შევაფასებდი, ასევე აქტივობაც საკმაოდ მაღალია. ჩვენ თითქმის ყველა უბანზე რიგები დაგვხვდა. კომისიის წევრებიც კომუნიკაციაში არიან დამკვირვებლებთან. თუმცა, ვნახეთ მცირე დარღვევებიც, გაფუჭებული ბიულეტენები და ა.შ. მნიშვნელოვანი დარღვევები, რამაც შეიძლება, გავლენა მოახდინოს თავისუფალ არჩევანზე, ჩვენ არ შეგვიმჩნევია. ზოგადად, ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური ფონია, თუმცა უბნებზე ეს ჯერ არ შეინიშნება“, – განაცხადა „რეფორმების დახმარების ცენტრის“ წარმომადგენელმა, გიორგი ჩიჟოვმა.

უკრაინელი დამკვირვებლების შეფასებით, დაფიქსირდა ბიულეტენების ანულირების შემთხვევები. ასევე, ისინი ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ საარჩევნო უბნები ზოგიერთ შემთხვევაში მოქალაქეებისთვის არაკომფორტულად არის განთავსებული.

„ყველა უბანზე მე ვსვამდი ერთსა და იმავე კითხვას – არის თუ არა დარეგისტრირებული საჩივრები. უბნების უმრავლესობაზე ჯერ არ იყო დაფიქსირებული საჩივრები კომისიის წევრების ან დამკვირვებლების მხრიდან. ზოგიერთი უბნის მოძებნა ცოტათი რთულია, რაც შესაძლოა, გარკვეულ დისკომფორტს ქმნიდეს. ზოგიერთ სკოლასა თუ დიდ დაწესებულებაში ორი უბანია და სხვადასხვა შესასვლელია, თუმცა განლაგებულია ისე, რომ იწვევს მოქალაქეების დაბნეულობას. შევესწარი ფაქტს, როდესაც კომისიის წევრებმა იპოვეს კაბინაში ბიულეტენი, რომელიც არ იყო მოთავსებული კონვერტში. ასეთი ბიულეტენი ანულირდა“, – განაცხადა სოციალ-პოლიტიკური პროექტირების ინსტიტუტი „დიალოგის“ წარმომადგენელმა, ოლენა იურკინა​მ.