„უხილავი ბავშვები“ რუსეთში და თაობა, რომელსაც პუტინის გარდა, ქვეყნის სათავეში სხვა ლიდერი არ უნახავს
„უხილავი ბავშვები“ რუსეთში და თაობა, რომელსაც პუტინის გარდა, ქვეყნის სათავეში სხვა ლიდერი არ უნახავს

სიტყვა-პასუხის ტრადიციული, ყოველწლიური მარათონი, რომელსაც ვლადიმერ პუტინი, როგორც წესი, მაისში ან ივნისში მართავს, მოქალაქეების მიერ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის ქვეყანაში არსებული პრობლემების გაცნობას ემსახურება.

კითხვები, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან წინასწარ შეთანხმებულია, ისევე როგორც პირდაპირი ჩართვები რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან და თემები, რომელსაც რიგითი მოქალაქეები ქვეყნის ლიდერთან ტელეხიდის ან სატელეფონო საუბრის დროს განიხილავენ. ეს ნიშნავს, რომ მარათონი პუტინის მორიგი პერფორმანსია, რომელიც ერთადერთ მიზანს – რუსეთის ძლიერების წარმოჩენას ემსახურება. ამ მარათონის დროს სოციალურ პრობლემებზე იშვიათად საუბრობენ, განსაკუთრებით აკრძალული საკითხი კი, ბავშვების უუფლებობა და დაუცველობაა.

ძალადობა არასრულწლოვანთა მიმართ, მზრუნველობამოკლებული ბავშვების მზარდი რიცხვი, არაჯანსაღი კვებით გამოწვეული მოზარდების ჯანმრთელობის პრობლემები და მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის გახშირებული პრობლემები რუსეთისთვის უცხო არ არის.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის, UNICEF-ის მონაცემებით დღეს რუსეთში 650 ათას ბავშვს არც ერთი მშობელი არ ჰყავს, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა თავშესაფარში კი 156 ათასი ბავშვი ცხოვრობს.

მათგან 84%-ს ერთი მშობელი მაინც ცოცხალი ჰყავს, თუმცა მან შვილი საკუთარი ნებით დატოვა, ან არაადამიანური მოპყრობის გამო ბავშვზე მშობლის უფლება ჩამოერთვა. კვლევების თანახმად, რუსეთში ყოველ წელიწადში 44 ათასი ადამიანი მშობლის უფლებას კარგავს. ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ ბავშვის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე დაემუქრა.

რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში ქუჩაში მცხოვრები მოზარდების ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა სხვადასხვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, მათი რაოდენობა მილიონს აღემატება. მათ დასავლურმა მედიამ „უხილავი ბავშვები“ უწოდა – მოზარდები, რომლებსაც რუსეთის მთავრობა ვერ ამჩნევს. მათი ასაკი 4-დან 18 წლამდე მერყეობს. ქუჩაში მცხოვრები ბავშვები ვერ იღებენ განათლებას, მათ არ უტარდებათ ვაქცინაცია, სამედიცინო შემოწმება, რადგან სახელმწიფოს მათზე ზრუნვის არავითარი სოციალური პროგრამა არ გააჩნია. გარდაცვალების შემთხვევაშიც, მათი სახელები მშრალ სტატისტიკურ მონაცემებს მხოლოდ ციფრებად ემატება.

რუსეთის ხელისუფლება დუმს და თვალებს ხუჭავს ოჯახში გახშირებულ ძალადობის ფაქტებზე მოზარდების მიმართ. ეს დუმილი ერთი წლის წინ რუსეთის პარლამენტმა ახალ კანონპროექტშიც ასახა, რომელიც რამდენიმე კენჭისყრის შედეგად დუმამ დაამტკიცა. 2017 წლის 7 თებერვალს კანონს ხელი მოაწერა ვლადიმერ პუტინმაც. ახალი კანონი ოჯახში ძალადობის დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს. შესაბამისად, მოზარდზე მოძალადე მშობლის წინააღმდეგ სისხლისსამართლებირივი დევნა არ დაიწყება.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის რუსეთის ბიუროს წარმომადგენელმა იულია გარბუნოვამ დუმაში მიღებული ახალი კანონი ოჯახში მოძალადეების წახალისებად შეაფასა. გარბუნოვა მიიჩნევს, რომ ამ კანონის გამო ოჯახში ძალადობის არაერთი შემთხვევა შესაძლოა ფატალურად დასრულდეს.

„ეს კანონი რუსეთში ადამიანის უფლებების სფეროში უკან გადადგმული ნაბიჯია. კანონი გზას უხსნის ყველა მოძალადეს, ვინც საკუთარი ოჯახის წევრებზე ძალადობს, მათ შორის ბავშვებზე. რუსეთში არასრულწლოვნები ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ხშირად არიან და მათ ვერავინ იცავს, პირველ რიგში კი სახელმწიფო, რადგან სახელმწიფომ საკუთარი ნებით თქვა მათ დაცვაზე უარი“, – განაცხადა 2017 წელს იულია გარბუნოვამ.

რუსეთში ერთ-ერთ უმწვავეს საკითხს წარმოადგენს მოზარდებში ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მოზარდებში თვითმკვლელობის მაჩვენებლის მიხედვით რუსეთი მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა. კერძოდ, ამ კვლევის თანახმად, რუსეთში 100 მოზარდიდან 40-ს სუიციდის მცდელობა ჰქონია, ხოლო 100-დან 20-ზე მეტს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაუსრულებია.

მოზარდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ტუვის რესპუბლიკაში, ბურიატეთში, იაკუტიაში და ციმბირში ფიქსირდება. რუსეთის ფედერაციის ამ ნაწილში სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 70%-ზე მეტი ცხოვრობს.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით კი, რუსეთში მოზარდებში ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები სულ მცირე, 3-ჯერ აღემატება ევროპის ქვეყნების მაჩვენებელს. ამავე კვლევის თანახმად, 100 ათასიდან 125 მოზარდი 15-დან 18- წლამდე სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. თუმცა მთავრობა ამ ბავშვებზე დუმს და მათი სახელები მხოლოდ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში ხვდება.

რუსეთის მთავრობას ამ დრომდე მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა არ შეუმუშავებია.

წელს ვლადიმერ პუტინის მმართველობის 18 წელი შესრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთში მცხოვრებ არასრულწლოვან მოქალაქეებს ქვეყნის სათავეში სხვა ლიდერი არ უნახავთ. მათ ეკრანიდან ხშირად არწმუნებენ, რომ პუტინის რუსეთი ყველაზე ძლიერია, რომ პუტინის რუსეთში ბავშვები უფრო მეტად უყვართ, ვიდრე დასავლეთში, მათ ეუბნებიან, რომ პუტინის ოლიგარქიულ რუსეთში ბავშვებს არავინ დაჩაგრავს. რუსეთის მოქალაქე მოზარდებს მოსახლეობაზე გათვლილი კრემლის ძლიერი პროპაგანდა მხოლოდ ამ რეალობას სთავაზობს, თუმცა რეალობა სწორედ ის შემაშფოთებელი ვითარებაა, რომელმაც რუსეთის მოსახლეობის საშუალო და დაბალ სოციალურ კლასებს არჩევანის უფლება და უკეთესი ცხოვრების პერსპექტივა წაართვა.