რამდენიმე დღის წინ, ჩინეთმა საყოველთაო კარანტინი დაასრულა უხანში, ქალაქში, სადაც ახალი კორონავირუსი პირველად გამოჩნდა და ამჟამად მძვინვარე პანდემიის ერთგვარ სიმბოლოდაც იქცა.
თუმცა, ათკვირიანი იზოლაციის შემდეგ გახსნილი ქალაქი მნიშვნელოვნად დაზიანებულია. უხანს მთელი მსოფლიო დააკვირდება, რათა ისწავლონ გაკვეთილი, როგორ გადაიტანს მოსახლეობა ამ მასშტაბის წარსულ ტკივილსა და განსაცდელს.
უხანში დაავადება და სიკვდილი ასობით ათას ადამიანს შეეხო, რამაც დატოვა ტრავმა, რომელიც ალბათ ათწლეულები გაგრძელდება. ხელახლა გახსნილი ბიზნესი გზაჯვარედინზე აღმოჩნდა, რომლის იქითაც ალბათ ნელი სვლა ელოდებათ. ქალაქის ხელისუფლება შესვლა-გასვლას კვლავ არეგულირებს, ნორმალური ცხოვრების დაბრუნებას ჯერ პირიც არ უჩანს.
ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, სამრეწველო კვანძი, 11-მილიონიანი უხანი ჩინეთის ხელისუფლებამ იანვრის ბოლოს ჩარაზა. ბევრი გარედან დამკვირვებელი ამ ნაბიჯს მაშინ უკიდურეს ნაბიჯად აფასებდა, რომელიც მხოლოდ ჩინეთის ავტორიტარულ სისტემას შეიძლება გადაედგა. თუმცა, ეპიდემიის გაუარესებასთან ერთად, საკუთარ მოქალაქეებს გადაადგილების სხვადასხვა სახის შეზღუდვა მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამაც დაუწესა.
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში უკვე თითქმის 1,5 მილიონია, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 80 000-ს გასცდა. რიცხვები სწრაფად იცვლება და ექსპერტებიც თანხმდებიან, რომ პანდემიის გავრცელების რეალური მაჩვენებლები რადიკალურად სხვანაირი, უფრო დიდია. გავრცელება შედარებით შენელდა მძიმედ დაზარალებულ ქვეყნებში, მაგალითად, იტალიასა და ესპანეთში, თუმცა, ვირუსი მთელ მსოფლიოში აქტიურად განაგრძობს გავრცელებას.
ევროპის უდიდესმა ნაწილმა, ინდოეთმა, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა დახურეს ბიზნესები, ადამიანთა უმეტესობა სახლში რჩება, ეკონომიკა მოულოდნელად იშლება და მილიონობით ადამიანი უსამსახუროდ რჩება.
ასეთი პოლიტიკის გამო გაღებული მსხვერპლის სრული მასშტაბები, იქნება ეს დაკარგული სამსახური და შემოსავლები, ცხოვრების გაუარესება, პირველ რიგში ალბათ უხანში გამოჩნდება.
უხანი მას შემდეგ გახსნეს, რაც გასული სამი კვირის განმავლობაში ქალაქში ინფიცირების მხოლოდ სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხელისუფლებამ კი ოფიციალურად განაცხადა, რომ პირველად იანვრის შემდეგ, დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალება აღარ დაფიქსირდა. მოიხსნა ხუბეის პროვინციიდან გასვლის აკრძალვაც.
პროვინციის დატოვება ადამიანებს მას შემდეგ შეუძლიათ, რაც წარმოადგენენ მთავრობის მიერ შექმნილ მობილურ აპლიკაციას, რომელშიც ასახულია მათი მისამართი, ბოლოდროინდელი მოგზაურობისა და სამედიცინო ისტორია; შედეგად, ოფიციალური პირები საზღვრავენ, არიან თუ არა მათგან ვირუსის გადადების რისკის მატარებელნი.
სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ არის ქალაქის გახსნის შემდეგ უხანის გასასვლელი საავტომობილო გზები გადატვირთული.
ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის ცნობით, ეროვნული რკინიგზის შეფასებით, ქალაქის გახსნის პირველივე დღეს უხანი დაახლოებით 55 000-მა ადამიანმა მატარებლით დატოვა.
ვირუსის ხელახლა გავრცელების აღსაკვეთად, უხანში ინდივიდებისა და ბიზნესის მიმართ მოქმედებს მკაცრი წესები. მოქალაქეებს კვლავ მოუწოდებენ, რაც შეიძლება მეტად დარჩნენ სახლში. სკოლები კვლავ დაკეტილია.
უხანში ადამიანებს თვითიზოლაციისკენ მოწოდებაც აღარ სჭირდებათ. მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა იქ სიკვდილს ჩახედა თვალებში და ფსიქიკური ტრავმაც მრავალს დარჩა. ჩინეთში დაფიქსირებული ინფიცირების შემთხვევების მესამედზე მეტი უხანზე მოდიოდა.
„უხანელმა ხალხმა ეს ყველაფერი პირველმა გამოსცადა, პირველწყარო იყვნენ. ავად გახდნენ მათი მეგობრები; დაიღუპნენ მათი მეგობრები და მეგობრის მეგობრები. ზედ მათ თვალწინ. ამ უბედურების მათეული აღქმა უფრო ღრმაა, ვიდრე სხვა ქალაქების მცხოვრებლების“, — ამბობს უხანის 50 წელს გადაცილებული მკვიდრი, გაყიდვების მენეჯერი იან ჰუი.
უხანი უკვე აღარ არის ის მეტროპოლია რაც ცოტა ხნის წინ იყო. იქ ახლა თითქოს დრო გაჩერდა.
ბოლო დღეებში გაიხსნა ბევრი მაღაზია. ქუჩებში გაჩნდა დახლები, სადაც იყიდება ბოსტნეული, ალკოჰოლი, სიგარეტი და სხვა საქონელი. მდინარე იანძის ნაპირის გასწვრივ გაშენებულ ბაღებში ნახავთ სასეირნოდ გამოსულ მრავალ ოჯახს.
დაინახავთ პატარა ჯგუფებად შეკრებილ მოხუცებს, რომლებიც ბაასობენ ან ჩინურ ჭადრაკს თამაშობენ. ბავშვებს იშვიათად მოკრავთ თვალს, ისიც მხოლოდ მშობლების თანხლებით.
მოძრაობა განაახლა საზოგადოებრივმა ავტობუსებმა და მეტრომაც, მაგრამ მგზავრი იშვიათია.
იმის გამო, რომ ონლაინვაჭრობამ პიკს მიაღწია, კორპუსებთან ნახავთ მუყაოს ყუთების მთებს. არსებული მონაცემებით, ხუბეის პროვინციაში მიტანის სერვისით სარგებლობა სამჯერ არის გაზრდილი.
მიწოდების ერთ-ერთი კომპანიის განცხადებით, ხალხი ძირითადად ყიდულობს ყოველდღიური საჭიროების პროდუქტებს, სახლის ფიტნესის აღჭურვილობას, ტანსაცმელს, კოსმეტიკასა და სამგზავრო აქსესუარებს.
უხანში მოქმედი კომპანიები თანამშრომლებს სამსახურში დაბრუნებისაკენ მოუწოდებენ, რათა წვლილი შეიტანონ ქალაქის ხელახლა გაცოცხლებაში.
ქალაქის ვიცე-მერის, ჰუ იაბოს განცხადებით, უხანში ოპერაციები განაახლა ბიზნესის 94-მა პროცენტმა. ინდუსტრიული საწარმოების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 97 პროცენტია, მომსახურების სფეროში კი 93 პროცენტი.
თუმცა, უცნობია, რა დატვირთვით მუშაობენ ეს კომპანიები. ქალაქის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, დან ჟენის განცხადებით, უხანის ინდუსტრიულ საწარმოებში სამსახურში ცხადდება დასაქმებულთა მხოლოდ 60 პროცენტი და ელექტროენერგიის მოხმარება ამავე პერიოდის შარშანდელი მაჩვენებლის მხოლოდ ერთ-მეხუთედს შეადგენს.
ჰუს განცხადებით, სრული მუშაობა განაახლა Honda-ს ადგილობრივმა საწარმომ. ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი, Huawei კი სოციალურ ქსელში წერს, რომ უხანის კვლევით ცენტრში დასაქმებულები სამსახურს დიდი ენთუზიაზმით უბრუნდებიან.
თუმცა, მაინც ფართოდ რჩება გავრცელებული წუხილი ადგილობრივი ეკონომიკის შესახებ. ჩინეთის სამრწეველო სექტორის უმეტეს ნაწილს პანდემიამ დიდი დარტყმა მიაყენა, რადგან შეჩერდა ექსპორტზე მოთხოვნები სხვა ქვეყნებიდან. მაშინ, როდესაც ბიზნესი დროის ანაზღაურებას ცდილობს, ეფექტები ჭავლივით დაუვლის მთელ ეკონომიკას.
ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, თებერვალში, როდესაც ჩინეთში ეპიდემიამ პიკს მიაღწია, უხანში არ გაფორმებულა უძრავი ქონების არც ერთი ხელშეკრულება.
47 წლის ელენ დინგი უხანის ერთ-ერთ არქიტექტურული დიზაინის კომპანიაში მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ მისი კომპანიის არსებული პროქტები ძირითადად მსხვილია და ადვილად გაუქმება არ ემუქრება, მისი უფროსები ღელავენ სამომავლო ბიზნესსა და კლიენტებზე.
მრავალი პატარა ბიზნესისთვის კი, შემოსავლების დაკარგვამ შეიძლება შემდგომი პრობლემები გამოიწვიოს. კომპანიები, რომლებმაც დასაქმებულები გაუშვეს, შეიძლება ისინი უკან ვეღარ დაიბრუნოს. ბევრი შიშობს გაუყიდავ საქონელზე, აღჭურვილობისა და გადასახადების ხარჯებზე.
ცოტა ხნის წინ, უხანის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სარესტორნო ქსელმა ქალაქის მერიას წერილი მისწერა, რომელშიც საგადასახადო შეღავათებსა და მხარდაჭერას სთხოვდა. კომპანიის განცხადებით, ეპიდემია ამ ბიზნესისთვის ნამდვილი კატასტროფა აღმოჩნდა.
ქალაქში მოღვაწე ერთ-ერთი ბიზნესმენი ლიუ დონჯუ, რომლის კომპანიაც აწარმოებს ჩინეთში პოპულარულ ე. წ. თევზის ბურთებს, ქათმის ფარშსა და სხვა გაყინულ პროდუქტებსა და ნახევარფაბრიკატებს, ამბობს, რომ იძულებულია, 80 დასაქმებულიდან 50 გაათავისუფლოს.
მისივე თქმით, მართალია ხელისუფლებამ ადამიანებს მოძრაობის ნებართვა მისცა, მაგრამ ამით ბევრი არაფერი შეცვლილა, რადგან ხალხი მოძრაობისგან მაინც თავს იკავებს.
ქალბატონი იანი უხანის ერთ-ერთი საყოფაცხოვრებო ტექნიკის კომპანიის გაყიდვების მენეჯერია. მისი უფროსები სამსახურში ზედმეტი თანამშრომლის გამოძახებას ფრთხილობენ.
„ყველა იძულებულია დათანხმდეს და გამოცხადდეს“, — ამბობს იანი.
თებერვალში ის 15 დღის განმავლობაში ებრძოდა ვირუსს უხანის ახლად აშენებულ კორონავირუსის საავადმყოფოში. ის ახლაც სახლში რჩება და კომპანიისთვის ას მუშაობს. ორი თვეა, არ უნახავს მშობლები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გვერდით კორპუსში ცხოვრობენ.
მსგავსი გამოცდილება ბევრი რამის გადაფასებას იწვევს და იანმაც ხელახლა დაალაგა პრიორიტეტები — პირველ რიგში ჰანმრთელობა და ოჯახი; სამსახური, კარიერა და წარმატება კი მეორე ადგილზე გადასწია.
რთულმა პერიოდმა მშობლიური ქალაქი მას სრულიად სხვანაირი დაანახა.
ბალახი გამწვანდა, ხეები უფრო ახასხასდა, მისი კორპუსის სიახლოვეს კი ჩიტებმაც დაიწყეს ჭიკჭიკი.
„ეპიდემიამდე უხანში სიცოცხლე ჩქეფდა. პეკინი, შანხაი, გუანჯოუ და შენჟენი ეკონომიკურად უკვე მომწიფებული ქალაქებია. უხანი ამას ახლა იწყებდა“, — ამბობს იანი.
მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.