უკანასკნელი შანსი ტოტალური კლიმატური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად - ახალი კვლევა
მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც კლიმატის ცვლილების შესახებ ვიცით, კაცობრიობამ უკვე მრავალი შანსი გაუშვა. ყველაფრის გამოსწორება ადვილად შეგვეძლო.
თუმცა შესაძლოა, ჯერ არც ისე დაგვიანებული იყოს. ახალი კვლევის მიხედვით, არსებობს 64 პროცენტიანი შანსი, რომ საშუალო გლობალური ტემპერატურის მაქსიმალურმა ნიშნულმა 1,5°C-ზე მეტით არ მოიმატოს. ეს მაჩვენებელი კრიტიკული ზღვარია, რომლესაც არ უნდა გადავაბიჯოთ.
1,5°C-ზე 2015 წელს, პარიზის კლიმატის შეთანხმების ფარგლებში შეჯერდნენ და ეს მაჩვენებელი ოპტიმისტურ მიზნად დაისახეს.
თუკი ამ სამიზნეს ვერ მივაღწევთ, მეცნიერები და მსოფლიო ლიდერები შეთანხმდნენ, რომ შემდეგ უკვე საჭირო იყო ფოკუსირება ახალ მაჩვენებელზე — ტემპერატურას არ მოემატა ინდუსტრიალიზაციამდელ ტემპერატურაზე 2°C-ზე მეტით.
სულ რამდენიმე წელიწადში, ეს სამიზნეები დრამატულად შეიცვალა.
ახალი სამეცნიერო შეფასების მიხედვით, გლობალური ტემპერატურის 1,5°C-იანი მატების შედეგებიც კი, გარემოზე ჯოჯოხეთური შედეგები მოჰყვება.
ლიდსის უნივერსიტეტის კლიმატის მეცნიერის, კრის სმიტის განცხადებით, ამის მიღწევა შესაძლებელია, თუკი დაუყოვნებლივ გავაჩერებთ ნახშირბადით დამაბინძურებელ მანქანა-დანადგარებს.
მისი განმარტებით, როგორც კვლევამ აჩვენა, წიაღისეული საწვავის ამჟამინდელი ინფრასტრუქტურის ოდენობა გლობალურ ეკონომიკაში, ჯერ არ გვაძლევს 1,5°C-იანი ზღვრის გადაბიჯების შესაძლებლობას, თუმცა, უკვე ზღვარზე ვიმყოფებით.
ახალი კვლევის ფარგლებში, სმიტმა და მისმა კოლეგებმა განახორციელეს კლიმატის ჰიპოთეტური სცენარის რამდენიმე მოდელი; მათ შორის, გამოთვალეს, რა მოხდება, თუკი ნახშირბადისადმი მგრძნობიარე ყველა ინფრასტრუქტურა — წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ქარხნები, ფაბრიკები, მანქანები თუ თვითმფრინავები — დაუყოვნებლივ შეწყვეტდნენ მუშაობას.
რა თქმა უნდა, თითქმის გამორიცხულია, რომ საკუთარ მანქანაზე უარი თქვათ და აღარასოდეს დაქოქოთ. თუმცა, ჰიპოთეტურად, თუკი მსოფლიო ასეთ დაუყოვნებლივ ცვლილებებზე წავიდოდა, შემცირდებოდა ყველაზე უარესი ეფექტები.
თუ ასეთი ცვლილებები 2018 წლის ბოლოს მოხდებოდა, მკვლევართა მირ შექმნილი სიმულაცია მიუთითებს, რომ არსებობს 3-დან 2 შანსი, რათა არ გადავლახოთ ტემპერატურის 1,5°C-ით მატების ზღურბლი, რომელსაც ასე გავურბივართ.
არარეალურია გვქონდეს იმედი, რომ კაცობრიობამ დაუყოვნებლივ გაწყვიტოს ყველანაირი კავშირი წიაღისეულ საწვავთან. კვლევის მიხედვით, ამ პროცესის ამ პროცესის მცირედი გადავადებაც კი დრამატულ შედეგებს გამოიწვევს 1,5°C-იან მიზანთან მიმართებაში.
მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ქმედებებზე, რომლებიც უნდა განვახორციელოთ კვირებში, თვეებში ან რამდენიმე წელში, რადგან დრო აღარ ითმენს, ათწლეულები უკვე ძალიან გვიანი იქნება.
კვლევის მიხედვით, თუკი საზოგადოების ასეთ რადიკალურ, დაუყოვნებლივ ცვლილებასთან ახლოს ვერ მივალთ, მოგვიწევს საკუთარ თავზე გამოვცადოთ კატასტროფული შედეგები და პლანეტა როგორმე გადავარჩინოთ.
„როცა ვაკეთებთ ნავთობის ახალ ჭაბურღილს, არ ვხურავთ ქვანახშირის ძველ ქარხანას, ანდაც ვყიდულობთ დიზელზე მომუშავე მანქანას — ჩვენი დღევანდელი არჩევანი დიდწილად განსაზღვრავს ხვალინდელი კლიმატის ბედს“, — ამბობს ედინბურგის უნივერსიტეტის ნახშირბადის მენეჯმენტის მკვლევარი დევიდ რი.
მისი თქმით, ახალი კვლევის მესიჯი ნათელი და ხმამაღალია — ან ახლავე იმოქმედე, ან წყალს გაატანე უკანასკნელი შანსი, რომელიც უსაფრთხო კლიმატს შეგვინარჩუნებს.
კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია leeds.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.