პარლამენტის უფრაქციო წევრების კომიტეტებში გაწევრიანების შესახებ კონსულტაციები გაიმართება
პარლამენტის უფრაქციო წევრების საპარლამენტო კომიტეტებში განაწილების თაობაზე ინფორმაცია კომიტეტების თავმჯდომარეებმა პარლამენტის ბიუროს ორშაბათს უნდა მიაწოდონ.
აღნიშნული საკითხის შესახებ, დეპუტატებმა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს.
თამარ კორძაიამ ბიუროს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებში გაწევრიანების შესახებ განცხადებით მიმართა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ კი განმარტა, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ უნდა მიიღონ, რაც უფრაქციო პარლამენტის წევრებთან კონსულტაციებს გაივლიან და შეთანხმდებიან.
„პარლამენტში სამი კომიტეტია, სადაც უფრაქციო პარლამენტის წევრებს ორი კვოტა აქვთ, დანარჩენ ყველა კომიტეტში აქვთ ერთი კვოტა. შესაბამისად, კომიტეტების თავმჯდომარეებმა უნდა იმუშაოთ ამ ადამიანებთან, სადაც ორნი არიან, რომ ერთ-ერთი დარჩეს და მეორემ დატოვოს, ანუ ეს არის შეთანხმების საგანი. მხოლოდ ურთიერთშეთანხმებით და კეთილი ნებით უნდა მოხდეს იმ ერთი ადგილის დაკავება, რომელიც მათ აქვთ. ფრაქციებთან მიმართებაში, ეს შედარებით ადვილია, იმიტომ, რომ ფრაქციას თავისი შიდა ფრაქციული დისციპლინა აქვს. რადგან ესენი დამოუკიდებელი დეპუტატები არიან, მათთან კომიტეტმა ამ კუთხით უნდა წაიმუშაოს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ბიურომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომელი წევრები იქნებიან წარმოდგენილი კომიტეტებში, ორშაბათისთვის უნდა იცოდეს.