პრეზიდენტმა ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე წარადგინა
პრეზიდენტმა ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე წარადგინა, – ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხს განიხილავს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. ამასთან, ვოლსკის განცხადებით, სავალდებულო დასკვნა უნდა წარადგინოს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმაც.

„საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებაა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ნათია თურნავას კანდიდატურის წარდგენის შესახებ. ამის განსახილველად წამყვანი კომიტეტი იქნება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. სავალდებულო დასკვნა უნდა წარმოადგინოს აგრეთვე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს 2019 წლიდან 2021 წლის თებერვლამდე იკავებდა. მინიჭებული აქვს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. სწავლების სხვადასხვა კურსი გავლილი აქვს აშშ-ში, ჰარვარდის უნივერსიტეტის, კ. კენედის სახელობის სამთავრობო სკოლის ეგიდით, მოგვიანებით კი გაერთიანებული სამეფოს კუმბრიის საგრაფოს უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა წარჩინებით დაასრულა და ბიზნესადმინისტრირების სამაგისტრო ხარისხი მიენიჭა. არის 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის, სტატიისა და მონოგრაფიის ავტორი, ორი წიგნის თანაავტორი.