უძველესი სახეობის თითქმის უკვდავი ხეების დღეგრძელობის საიდუმლო ამოხსნილია
დრო მიდის, მაგრამ ცოტა რამ იცვლება გინკოს ხეებისთვის, რომლებსაც ბოტანიკაში ადიანტუმსაც უწოდებენ. ამ ბოტანიკურმა საოცრებებმა შეუდრეკლად გაუძლეს ათობით მილიონ წელს, მასობრივ გადაშენებებს და ნამდვილ „ცოცხალ ნამარხებად“ იქცნენ.
ეს სახეობა პრაქტიკულად უკვდავია და ასეთი შეფასება სულაც არ არის გადამეტებული. ინდივიდუალური ხეები 1000 წლამდე ცოცხლობენ (ზოგიერთი შეფასებით 3000 წლამდეც) და როგორც ახალი, დეტალური კვლევა გვთავაზობს, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა თეორიულად ულიმიტოა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ სამყაროში დაბერება და სიკვდილი სიცოცხლის ბუნებრივი ნაწილია, გინკოს მსგავს ზოგიერთ მცენარეს დაბერების სულ მცირე ნიშნები აწუხებს.
მართალია, დროის მსვლელობასთან ერთად, ეს ხეები თხელ წლიურ რგოლებს იკეთებენ, მაგრამ მკვლევრებმა ასაკოვან და ახალგაზრდა ხეებს შორის მხოლოდ მცირე განსხვავება იპოვეს ფოტოსინთეზის უნარის, თესლის განაყოფიერების, ფოთლების ზრდისა თუ დაავადებებისადმი გამძლეობის თვალსაზრისით.
600 წელზე მეტი ასაკის მქონე ცხრა გინკოს ხიდან აღებული ქსოვილების კვლევისას, მეცნიერთა ჯგუფმა ვერ მიაგნო ფიზიოლოგიური დაბერებისა და დეგრადაციის ნიშნებს.
ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტის ბიოლოგ რიჩარდი დიქსონის განცხადებით, დაბერებასთან ერთად, ადამიანებს გვიუარესდება იმუნური სისტემა. მიუხედავად იმისა, რომ 1000 წლისები არიან, ამ ხეების იმუნური სისტემა ისეთია, თითქოს ისინი 20 წლის იყვნენ.
წინა კვლევებისგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადად გინკოს ფოთლებზე იყო ფოკუსირებული, ახალი კვლევა მიეძღვნა კამბიუმს — ხის სხეულის თხელ ფენას, რომელიც ახალ ქერქსა და მერქანს წარმოქმნის.
ეს რეგიონი შეიცავს მერისტემის (წარმომშობ) უჯრედებს, რომლებიც ცხოველების ღეროვანი უჯრედების მსგავსია, მაგრამ მოლეკულურ დონეზე ისინი ნაკლებად არის შესწავლილი.
იმის გასარკვევად, როგორ იცვლება კამბიუმი დაბერებასთან ერთად, მკვლევრებმა შეისწავლეს ყოველი ინდივიდუალური კამბიუმის აქტივობა, ჰორმონული დონე და რეზისტენტულობასთან დაკავშირებული გენები, ასევე უჯრედის სიკვდილთან დაკავშირებული ტრანსკრიფციული ფაქტორები.
ხეების ვერც ერთ ასაკში მათ ვერ მიაგნეს მნიშვნელოვან სხვაობას გენების აქტივობასა და დაავადებებისადმი რეზისტენტულობაში. ერთადერთი, რაც სინამდვილეში იზრდებოდა, იყო ხეების რგოლების სიგანე, რომლებიც მკვეთრად მცირდება პირველი 100-200 წლის განმავლობაში, მომდევნო რამდენიმე ასწლეულში კი ნელა შემცირებას აგრძელებს.
თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყველანარი ზრდა ბრკოლდება. საინტერესოა, რომ ხის მეორეული ზრდის (იზომება ხის საფუძვლის ნამატით, იგივე BAI) შეფერხება არ აღენიშნებათ 10-600 წლის გინკოებს.
როგორც ავტორები წერენ, იმის გამო, რომ BAI ხის ზრდის საიმედო ინდიკატორია, როგორც ჩანს, გინკოს კამბიუმს შეუძლია შეინარჩუნოს ტევადობა უწყვეტი ზრდისთვის ასობით ან ათასობით წლის განმავლობაში.
მათი აზრით, სწორედ ეს თვისება აძლევს ხეს საშუალებას, გაექცეს ფიზიოლოგიურ დაბერებას მთლიანი მცენარის დონეზე.
ნათელი რომ იყოს, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ გინკოს ხეები არასოდეს კვდებიან, არამედ იმას, რომ ისინი ბებერები არ კვდებიან. სამაგიეროდ, გინკოები ძირითადად ეწირება სხვა გარე ფაქტორებს, მაგალითად, ქარს, ცეცხლს, მეხს, დაავადებას, კაფვას, რამაც სახეობა დღეს თითქმის გადაშენების პირას მიიყვანა.
მცენარეთა ფიზიოლოგის, სერჯი მუნე-ბოშის განცხადებით, ამ სახეობისთვის დაბერება პრობლემა არ არის, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა სტრესია.
რა ემართებათ გინკოს ხეებს 600 წლის სიცოცხლის შემდეგ, დიდწილად მაინც საკამათოა. არის შანსი, რომ ხეების ამ უძველეს სახეობას სიცოცხლის ბოლოს მოლეკულური დაბერების ნიშნები აღენიშნოს, მაგრამ ამ კვლევის საფუძველზე ამის თქმა შეუძლებელია.
დამატებითი კვლევებია საჭირო იმისათვის, რათა დაზუსტებით ვთქვათ, რა ხდება ამ განსაკუთრებული ხეების თავს ზედმეტად ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში.
კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია The New York Times-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.