უძველესი გიგანტური ვეშაპის ნამარხის მუცელში სხვა ვეშაპები და ზვიგენები აღმოაჩინეს
ვეშაპები ყველას მშვიდ, დახვეწილ არსებებად მიგვაჩნია, მაგრამ უძველესი სახეობის შესახებ ჩატარებული ახალი კვლევა სრულიად სხვა სურათს ხატავს.
დაახლოებით 35 მილიონი წლის წინ, გვიანდელი ეოცენის ეპოქაში, ბინადრობდა ვეშაპის სახეობა, რომელიც არა მხოლოდ თევზებით, არამედ სხვა, შედარებით მცირე ვეშაპებითაც იკვებებოდა.
2010 წელს აღმოჩენილი ვეშაპის ახალი სახეობა, სახელად Basilosaurus isis-ი სიგრძეში 15 მეტრია. მის სიახლოვეს აღმოაჩინეს ვეშაპების, თევზების და შედარებით პატარა ზომის უძველესი ვეშაპის, Dorudon atrox-ის ნაშთები.
როგორც ირკვევა, ეს სახეობები შემთხვევით კი არ იყვნენ ერთმანეთის სიახლოვეს განმარხებული, არამედ ყველა მათგანი B. Isis-ის მსხვერპლი იყო.
B. Isis-ი საზარელი არსება იყო; ბინადრობდა დაახლოებით 34-38 მილიონი წლის წინ და სიგრძეში 18 მეტრამდე აღწევდა. შედარებისათვის — თანამედროვე კუზიანი ვეშაპის სიგრძე 13-დან 16-მეტრამდე მერყეობს.s
ზღვის ძუძუმწოვართა მკვლევრის, მანჯა ვოსის განცხადებით, B. Isis-ს ჰქონდა გრძელი დინგი და შეიარაღებული იყო ბასრი კბილებით.
ნამარხები ეგვიპტეში, ვადი-ალ-ხიტანის ხეობაში აღმოაჩინეს. ეს ხეობა იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია იქ აღმოჩენილ უძველეს ვეშაპთა ნამარხების სიმრავლის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ხეობა ახლა მშრალია, ეოცენის ეპოქაში იქ თავთხელი ზღვა იყო, რომელშიც მრავალი სხვადასხვა არსება ბინადრობდა.
ნამარხების პოვნა არც ისე რთულია. ხშირად, ძველს პირდაპირ ეროზიისგან მოშიშვლებულ ზედაპირზე წააწყდებით.
2010 წელს B. Isis-ის ნამარხი ზვიგენების, სხვა დიდი თევზებისა და ახალგაზრდა ვეშაპების ნამარხთა გვერდით აღმოაჩინეს.
თავდაპირველად ძნელი იყო იმის დადგენა, B. Isis-ი საპროფაგი, ანუ ლეშიჭამია იყო თუ მტაცებელი.
თუმცა, ამ საკითხს ნათელი მოჰფინა ამ არეალში აღმოჩენილი პატარა ვეშაპების ნამარხების შესწავლამ.
ვადი-ალ-ხიტანში აღმოჩენილი B. Isis-ის ყველა ჩონჩხი ზრდასრულ არსებებს მიეკუთვნებოდა, მაგრამ D. Atrox-ის დაახლოებით ნახევრის ჩონჩხები კი ახალგაზრდებს. გარდა ამისა, D. Atrox-ის ძვლებს აღენიშნებოდათ ნაკბენები.
მკვლევრებმა მიაგნეს პირველ პირდაპირ მტკიცებულებებს, რომ B. Isis-ი D. Atrox-ებს ჭამდა.
როგორც მიჩიგანის უნივერსიტეტისა და ეგვიპტის გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ ერთობლივ კვლევაში წერია, გვიანდელ ეოცენში, თანამედროვე ვადი-ალ-ხიტანის ტერიტორია თავთხელი ზღვით იყო დაფარული, რომელშიც ბინადრობდა ვეშაპი ბაზილოზავრი და მისი მსხვერპლი, შედარებით პატარა ვეშაპების სახეობა დორუდონი.
მეცნიერთა განცხადებით, ამის მტკიცებულებას წარმოადგენს ბაზილოზავრის (Basilosaurus isis) ნამარხის მუცელში აღმოჩენილი დორუდონისა (Dorudon atrox) და სხვა მსხვილი თევზების ნაშთები.
კვლევა ჟურნალ PLOS One-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Live Science-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.