უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტები გამოცდას 10 თებერვალს ჩააბარებენ
უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტები გამოცდას 10 თებერვალს ჩააბარებენ

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტები გამოცდას 10 თებერვალს ჩააბარებენ.

მათივე ცნობით, სტუდენტები საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის გასავლელად 11:00 საათზე უნდა გამოცხადდნენ, გამოცდა კი 12:00 საათზე დაიწყება. დაგვიანების შემთხვევაში, გამოსაცდელი ტესტირებაზე აღარ დაიშვება.

„დეტალური ინფორმაცია საგამოცდო ცენტრის მისამართის თაობაზე მოგვიანებით გამოქვეყნდება. მონაწილემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და პირბადე, სურვილის შემთხვევაში – წყალი პლასტმასის ბოთლით. ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში ცენტრი მას უზრუნველყოფს შესაბამისი კალმითა და სხვა საჭირო ნივთებით. გამოცდის ხანგრძლივობაა ორი საათი და 30 წუთი. მისი წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის, 50%-ზე მეტის (სულ მცირე 23 ქულა) დაგროვებას.

ტესტირებაზე დაცული იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია. გამოცდისათვის რეგისტრაცია შესაძლებელია 15 იანვრის 18:00 საათამდე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.