დედამიწაზე სიცოცხლის უძველესი კვალის ძებნა ადვილი არ არის. კლდის ფენებს შორის მოქცეული, მილიარდობით წლის მკვდარი მიკრობების გამორჩევა თითქმის შეუძლებელია, რადგან ისინი თავად ქვას უფრო ჰგვანან, ვიდრე სიცოცხლის უძველეს ფორმას.
ერთმანეთისგან გარჩევას მახვილი თვალი სჭირდება და მაშინაც კი, დებატები თითქმის არასოდეს სრულდება.
მაგალითად, ავიღოთ 3,48 მილიარდი წლის წინანდელი კლდოვანი წარმონაქმნი დასავლეთ ავსტრალიაში. მეცნიერები ეჭვობენ, რომ ის შეიძლება წარმოადგენდეს სტრომატოლიტებით ცნობილი მიკრობული კოლონიების განმარხებულ ნარჩენებს, მაგრამ გაცილებით უფრო მარტივია იმის თქმა, რომ შესაძლოა, ისინი წმინდა გეოლოგიური წარმონაქმნები იყოს.
ამჯერად, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფის მიერ ჩატარებული ახალი ანალიზები ძლიერ მტკიცებულებას გვაწვდის იმისა, რომ ეს ფორმაციები ნამდვილად ბიოლოგიური წარმოშობისაა და სულაც არ არის არაბიოლოგიურ პროცესთა შედეგი.
„როდესაც არქეოლოგები დანგრეული ქალაქის საძირკველს პოულობენ, მათ უკვე იციან, რომ ის ხალხის მიერ იყო აშენებული, რადგან აქვს ამის ყველა ნიშანი — კარიბჭეები, გზები და აგურები“, — განმარტავს ბრიტანეთის ბუნების ისტორიის მუზეუმის პალეონტოლოგი კირონ ჰიკმენ ლევისი.
მისი განცხადებით, ზუსტად ასევე, სტრომატოლიტებში ჩართულია მრავალი სტრუქტურული ელემენტი, რომლებიც მათი წარმოქმნის პროცესთა გამოვლენის და წარმოშობის გაშიფვრის საშუალებას იძლევა. ეს ყველაფერი ძლიერ ჰგავს არქეოლოგიას.
მილიარდობით წლის წინანდელი სტრომატოლიტები მთელ მსოფლიოში გვხვდება. ისინი შედგება ლამინირებული, ანუ წმინდად დაშრევებული ქანისგან, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას როგორც მიკრობული „ხალიჩის“ მინერალიზებით, ისე არაცოცხალი ქიმიური რეაქციებით ქანსა და მის გარემოს შორის.
პალეონტოლოგების საქმეა, გაარკვიონ, რომელი რომელია, რაც ყოველთვის ადვილი არ არის; სწორედ ასე აღმოჩნდა გრენლანდიაზე 3,7 მილიარდი წლის წინანდელ სტრომატოლიტების მსგავსი შრეების შემთხვევაში, რომლებიც თავდაპირველად მსოფლიოში იძველეს ნამარხებად გამოცხადდა, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში, ისინი უბრალოდ ძველი ქანებია.
თუმცა, ავსტრალიის ამ 4,54 მილიარდი წლის წინანდელ ცისფერ მარმარილოში უძველესი ნამარხების გამოვლენა უბრალოდ რეკორდის მოხსნის ამბავი როდია. ყველა ჩვენგანს ძლიერ აინტერესებს, როდის და სად აღმოცენდა სიცოცხლე პირველად დედამიწაზე.
ამჟამად, დედამიწაზე სიცოცხლის უძველეს კვალად მიიჩნევა დასავლეთ ავსტრალიის სხვა ძეგლზე, სტრელის აუზის ფორმაციაზე აღმოჩენილი 3,43 მილიარდი წლის წინანდელი სტრომატოლიტები. ახალ, მკაცრ კვლევაში ჰიკმენ-ლევისმა და მისმა კოლეგებმა ამჯერად დასავლეთ ავსტრალიის დრესერის ფორმაციის 3,48 მილიარდი წლის წინანდელი სტრომატოლიტები შეისწავლეს.
დრესერის სტრომატოლიტებში წარმოდგენილი ორ- და სამგანზომილებიანი მიკროსტრუქტურების შესასწავლად, მათ მრავალი სხვადასხვა მეთოდი გამოიყენეს, მათ შორის ოპტიკური მიკროსკოპია, რამანის სპექტროსკოპია, ელექტრონული მიკროსკოპი, ლაზერული აბლაცია ინდუქციურად და პლაზმური მას-სპექტრომეტრი (ICP-MS), ასევე ლაბორატორიული და სინქროტრონული კომპიუტერული ტომოგრაფია.
არც ერთმა ამ ტესტმა მიკრონამარხები ან ორგანული მასალები არ გამოავლინა, მაგრამ აჩვენა სტრუქტურები და მახასიათებლები, რომლებიც შეესაბამება ბიოლოგიურ წარმოშობას.
ჯგუფმა დაასკვნა, რომ ერთ დროს, სტრომატოლიტები ფოტოსინთეზურ მიკრობთა წყებები (ხალიჩები) იყო, რომლებიც თავთხელი ლაგუნის ფსკერზე ყვაოდნენ. ამ ხალიჩებზე დანალექების დაგროვებისას, მიკრობებმა მაღლა აიწიეს, დანალექებს მოშორდნენ და მზის სინათლისკენ წავიდნენ, რის შედეგადაც წარმოქმნეს გუმბათოვანი სტრუქტურები, რომლებიც კვერცხის ჩასადებ მუყაოს წააგავს. სწორედ ეს ფორმები შემოინახა ნამარხ ფორმაციაში.
ჯგუფმა ასევე შეისწავლა ზოლის მსგავსი ფორმაციები, რომლებიც ასევე შეესაბამებოდა კლდეების იმ მახასიათებლებს, რომლებსაც ცნობილია, რომ მიკრობების ზრდა წარმოქმნის. მეცნიერთა განცხადებით, გუმბათოვანი სტრუქტურების მსგავსად, სავარაუდოდ, ისინიც მზის სინათლის მიმართულებით მოძრავ მიკრობთა მიერ არის წარმოქმნილი. კლდეში არსებული პატარა სიცარიელეები შეესაბამება ხრწნადი ორგანული მასალის დაშლას ან გამოშრობას.
ერთობლივად, ყველა ეს მინიშნება ძლიერ მტკიცებულებას აჩენს ამ უძველესი ქანის შრეების ბიოლოგიური წარმოშობის სასარგებლოდ და შედეგად, ისინი დედამიწაზე სიცოცხლის უძველესი მტკიცებულება უნდა იყოს — ამას კი დიდი მნიშვნელობა აქვს სამყაროში სიცოცხლის ძებნაში.
როდესაც დრესერის ფორმაცია თავთხელი ლაგუნა იყო, სავარაუდოა, რომ სწორედ ასეთივე გარემო იყო მარსის ეზეროს კრატერშიც. შესაბამისად, სრულიად შესაძლებელია, რომ მაშინ სიცოცხლე მარსზეც აღმოცენდა. დედამიწაზე იმ პერიოდის განმარხებული სიცოცხლის აღმოჩენა შეიძლება ასეთივე ნამარხების მარსზე პოვნაშიც დაგვეხმაროს, თუკი მას მავალი „პერსევერანსი“ მიაგნებს.
„დრესერის ფორმაციაში არსებული ეს სტრომატოლიტები დედამიწაზე სიცოცხლის ყველაზე ძველი პირდაპირი მტკიცებულებაა. პალეოდეპოზიციური გარემო, პოლიექსტრემოფილური ბიოლოგია და ტაფონომია მათ მარსის ბიოხელწერებისთვის იდეალურ ანალოგად აქცევს. განასახიერებს მორფოლოგიური ნამარხების ტიპს, რომლებსაც შეიძლება მარსის უძველეს კარბონატებში წავაწყდეთ“, — წერენ მკვლევრები.
კვლევა ჟურნალ Geology-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია nhm.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.