უჩა მამაცაშვილი „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელობის მხრიდან მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე პროკურატურას მიმართავს და გამოძიების დაწყებას ითხოვს
ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით უჩა მამაცაშვილი განცხადებას ავრცელებს.
„ლეგენდები ჩემი, ე.წ. განსაკუთრებული გავლენების შესახებ არახალია და მას პერიოდულად თხზავენ ადამიანები, რომელთაც ამ ლეგენდის მეშვეობით უკანონო სარგებლის მიღება სურთ.
გამონაკლისი არც „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ ამ ბოლო დროს მიმდინარე აჟიოტაჟია. ჩემთვის უცნობია, კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელების მხრიდან გამიზნულ პროვოკაციასთან, ყოფილი მაღალჩინოსნის არაჯანსაღ ინტერესებთან, თუ სიყალბესთან. თუმცა, ყველა შემთხვევაში, ვიღაც აშკარად ცდილობდა ჩემი სახელის საეჭვო და უკანონო გარიგებებში გამოყენებას და ამ კამპანიას აშკარად პოლიტიკური ელფერი აქვს.
შესაბამისად, მივმართავ საქართველოს პროკურატურას, რათა დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე და ამომწურავი პასუხი გასცეს საზოგადოებაში გაჩენილ ლეგიტიმურ კითხვებს”, – აღნიშნულია უჩა მამაცაშვილის განცხადებაში.