უჩა აბაშიძის საქმის პროკურორი - ვიდეომასალის გავრცელება განპირობებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან
პროკურორ ანა ხახანაშვილის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბლოგერ უჩა აბაშიძეს და მის მეუღლეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
პროკურორის თქმით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა საცხოვრებელ ბინაში ფარულად დაამონტაჟეს სხვადასხვა ვიდეო-აუდიო მოწყობილობები, რომელთა საშუალებითაც უკანონოდ ახორციელებდნენ ერთ-ერთ ბრალდებულსა და სხვადასხვა პირს შორის ინტიმური კავშირის ჩაწერას.
„მოგეხსენებათ, პროკურატურამ ორ პირს წარუდგინა ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ ინტიმური კავშირის ამსახველი ვიდეომასალების უკანონო მოპოვება-შენახვის ფაქტზე. ასევე, ერთ-ერთ პირს ბრალდება წარდგენილი აქვს საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვისთვის. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა. რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეომასალას, აღნიშნული, ბუნებრივია, განპირობებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან“, – განაცხადა პროკურორმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბლოგერი უჩა აბაშიძე 9 მაისს დააკავა. უწყების ინფორმაციით, ის იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დაკავებული. ასევე, შსს-მ დააკავა უჩა აბაშიძის მეუღლე, მარიამ იაშვილი. როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, უჩა აბაშიძემ, მეუღლესთან ერთად, განიზრახა სხვადასხვა პირთა ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა.
ამასთან, საქართველოს პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის ფაქტებზე ბლოგერ უჩა აბაშიძეს და მის მიუღლეს ბრალდება წარედგინათ.
პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უ.ა.-მ და მ.ი.-მ, სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ, სქესობრივი კავშირის ამსახველი ვიდეო-აუდიო ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების მიზნით, მ.ი.-ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში ფარულად დაამონტაჟეს ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობები, რომელთა საშუალებით მუდმივ რეჟიმში ფარულად ხდებოდა მ.ი.-ს სხვადასხვა პირთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერა.
„ათეულობით ჩამწერი მოწყობილობა დამონტაჟებული იყო საცხოვრებელი ბინის ოთახებში, მათ შორის, საძინებელში და ფარულად იყო განთავსებული სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ნივთებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მ.ი.-ს საკონტაქტო მონაცემები სექსუალური მომსახურების სხვადასხვა ინტერნეტსაიტზე იყო გამოქვეყნებული, სადაც მისი მხრიდან სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდებოდა. მას შემდეგ, რაც კონკრეტულ პირთან მოხდებოდა შეთანხმება და იგი მივიდოდა ზემოხსენებულ ბინაში, ბრალდებულები, აღნიშნული პირისგან მალულად, სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით, სისტემატურად, უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური კავშირის ამსახველ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.