უახლოეს სამ წელიწადში, შორეულ გალაქტიკაში შეიძლება ერთმანეთს ორი სუპერმასიური შავი ხვრელი შეეჯახოს — #1tvმეცნიერება
უახლოეს სამ წელიწადში, შორეულ გალაქტიკაში შეიძლება ერთმანეთს ორი სუპერმასიური შავი ხვრელი შეეჯახოს — #1tvმეცნიერება

ჩვენგან მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკის უცნაური ქცევა მიუთითებს, რომ ის შეიძლება შეიცავდეს თანამედროვე ასტრონომიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მოსალოდნელ მოვლენას.

გალაქტიკა SDSS J1430+2303-ის ცენტრში სინათლის რყევა საეჭვოდ ჰგავს სუპერმასიურ შავ ხვრელთა წყვილს, რომელთა ჯამური მასაც დაახლოებით 200 მილიონი მზისას უდრის და ისინი ერთმანეთთან შეჯახების ზღვარზე არიან.

კოსმოსური თვალსაზრისით, „ზღვარზე“ შეიძლება ნიშნავდეს ძალიან დიდ დროს. თუმცა, საბედნიეროდ, ამ შემთხვევაში ასტრონომები ვარაუდობენ, რომ თუ ეს სიგნალი მართლაც გიგანტურ შავ ხვრელებს ეკუთვნის, ისინი ერთმანეთს მომდევნო სამი წლის განმავლობაში უნდა შეერწყან.

ეს კი შეიძლება ამ დრომდე საუკეთესო შანსი აღმოჩნდეს სუპერმასიურ შავ ხვრელთა შეჯახების სანახავად… თუმცა, ჯერ მაინც დაზუსტებით არ ვიცით, რა ხდება გალაქტიკა J1429+2303-ის შუაგულში. ყველაფერში საბოლოოდ გასარკვევად, მეცნიერები ამ უცნაურ გალაქტიკაზე დაკვირვებებს აგრძელებენ.

შავი ხვრელების შეჯახება პირველად 2015 წელს დააფიქსირეს და ამით ასტრონომიაში სრულიად ახალი ეპოქა დაიწყო. მას შემდეგ, გრავიტაციული ტალღების, ანუ ამ დროს სივრცე-დროში გატყორცნილი ჭავლების წყალობით, ბევრი სხვა ასეთი მოვლენა დაფიქსირდა.

ამ დროისათვის, ყველა ეს შეჯახება წარმოადგენდა ცალკეული ვარსკვლავის მასის ორმაგ, წყვილურ შავ ხვრელს. არსებობს ამის საკმაოდ კარგი მიზეზი. საქმე იმაშია, რომ LIGO და Virgo — გრავიტაციულ ტალღათა დაფიქსირების ინსტრუმენტები, მასის ამ დიაპაზონზეა გათვლილი.

ერთმანეთის გარშემო სპირალურად მოძრავი და საბოლოოდ ერთმანეთთან შეჯახებული სუპერმასიური შავი ხვრელების შედეგად წარმოქმნილი გაცილებით მძლავრი ჭავლები მილიონობით და მილიარდობით მზის მასის დიაპაზონში თავსდება და ჩვენი ამჟამინდელი ობსერვატორიების სიხშირის დიაპაზონი მათ დასაფიქსირებლად საკმაოდ დაბალია.

მიუხედავად ამისა, სუპერმასიურ შავ ხვრელთა წყვილის შერწყმა საოცრად კარგი რამ იქნებოდა დასაკვირვებლად. მეცნიერები ელოდებიან, რომ დაბალი სიხშირის გრავიტაციული ტალღების დაფიქსირების უნარის არმქონე დეტექტორების გარეშეც კი, სპექტრის მასშტაბით დაინახავენ სინათლის უზარმაზარ ანთებას.

ამ ანთების შედეგად მიღებულმა მონაცემებმა შეიძლება ამ მოვლენის შესახებ ძალიან ბევრი რამ გვითხრას. ამ დროისათვის, დაზუსტებით არ ვიცით, როგორ იზრდებიან სუპერმასიური შავი ხვრელები ასე დიდები, მაგრამ არსებობს რამდენიმე მინიშნება, რომელთა მიხედვითაც, ამის ერთ-ერთი მექანიზმი შავ ხვრელთა წყვილების ერთმანეთთან შერწყმაა.

ცნობილია, რომ გალაქტიკათა ცენტრში მოთავსებულია სუპერმასიური შავი ხვრელი; მეცნიერებს დაკვირვებები ჩატარებული აქვთ არა მხოლოდ გალაქტიკათა წყვილებისა და ჯგუფების შეჯახებებზე, არამედ ისეთ სუპერმასიურ შავ ხვრელებზეც, რომლებიც ერთმანეთის გარშემო საერთო, მოშლად ორბიტაზე მოძრაობენ ერთმანეთთან შერწყმულ გალაქტიკათა ცენტრში. ამის შესახებ ვიცით ასეთი გალაქტიკების ცენტრიდან წამოსული სინათლის რხევების საფუძველზე, რომლებსაც რეგულარულობა ახასიათებს აქვს და ორბიტაზე მიუთითებს.

დავუბრუნდეთ გალაქტიკა J1430+2303-ს. წლის დასაწყისში, მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასტრონომი ნინგ იანგი ხელმძღვანელობდა, რეცენზირებამდელ სერვერ arXiv-ზე ატვირთა პუბლიკაცია, რომელშიც ერთ ნამდვილად უცნაურ ქცევას აღწერდნენ. სამი წლის განმავლობაში, გალაქტიკის ბირთვში რხევები სულ უფრო და უფრო მცირდებოდა — დაახლოებით ერთწლიანი პერიოდიდან ერთ თვემდე შემცირდა.

თუმცა, ჯერ მაინც ბოლომდე დაზუსტებით არ არის ცნობილი, გამოწვეულია თუ არა შავ ხვრელთა წყვილის მიერ ის, რაც გალაქტიკა J1430+2303-ის შუაგულში ხდება. გალაქტიკის ბირთვი უცნაურ ადგილია, გამოყოფენ ძნელად ინტერპრეტირებად სიგნალებს, რაც იმას ნიშნავს, რომ J1430+2303-ის შუაგულში ცვალებადობას შეიძლება რაღაც სხვაც განაპირობებდეს.

საქმეში გასარკვევად, გუანჯოუს უნივერსიტეტის ასტრონომებმა რენტგენულ ტალღის სიგრძეებს მიმართეს. რენტგენულ დაკვირვებათა შედეგად მიღებული მონაცემების გამოყენებით, რაც 200-დღიან პერიოდს მოიცავდა, მეცნიერებმა სცადეს გამოევლინათ ის მაღალენერგიული ხელწერები, რასაც ერთმანეთთან ახლოს, მოშლად ორბიტაზე მოძრავ სუპერმასიური შავი ხვრელებისგან უნდა ველოდეთ.

გალაქტიკის მიერ გამოყოფილ რენტგენულ სინათლეში მათ მართლაც იხილეს ცვალებადობები, ასევე გამოსხივების ტიპი, რომელიც შავ ხვრელში რკინის ჩაცვენასთან არის დაკავშირებული; მკვლევრებმა ეს ორი სხვადასხვა ინსტრუმენტით, 99,96-პროცენტიანი სანდოობით დააფიქსირეს. ეს გამოსხივება შეიძლება ორ ბინარულ სუპერმასიურ შავ ხვრელთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ შესაძლოა, ჯგუფს ამის ყველა მტკიცებულება ჯერ გაზომილი არ ჰქონდეს.

ამას გარდა, ბოლომდე სარწმუნო არ იყო ივლისში ჩატარებული რადიოდაკვირვებების ანალიზები. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ 100 პროცენტით არ ვართ დარწმუნებული, რა ხდება გალაქტიკა J1430+2303-ში.

ერთი რამ, რაც დაზუსტებით შეიძლება ითქვას, ის არის, რომ ამ გალაქტიკის ცენტრში მართლაც რაღაც უცნაური ხდება. ფაქტია, რომ ჩვენ წინაშე რაღაც დიდი საიდუმლოა. რაც არ უნდა იყოს, შეჯახების ზღვარზე მყოფი ორი სუპერმასიური შავი ხვრელი თუ სხვა რამ, გალაქტიკა J1430+2303 ნამდვილად იმსახურებს სათანადო, ძლიერ ყურადღებას.

კვლევა Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდება, იქამდე კი ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.