აღმოჩენილია ჩვენთან უახლოესი სუპერმასიურ შავ ხვრელთა წყვილი — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია ჩვენთან უახლოესი სუპერმასიურ შავ ხვრელთა წყვილი — #1tvმეცნიერება

ჩვენგან 89 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, გალაქტიკაში, სახელად NGC 7727, ორი სუპერმასიური შავი ხვრელი ერთ სხეულად გადაქცევისთვის არის განწირული.

ამ გალაქტიკის შუაგულის ახალი კვლევებით დადგინდა, რომ მისი ბირთვი სუპერმასიური შავი ხვრელის წყვილისგან შედგება. ეს გახლავთ ჩვენთან უახლოესი ასეთი ორმაგი შავი ხვრელი ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის; აქამდე ეს სტატუსი ჩვენგან 470 სინათლის წლის მანძილზე მდებარე შავ ხვრელთა წყვილს ეკუთვნოდა.

გარდა ამისა, ეს ორი სუპერმასიური შავი ხვრელი ერთმანეთთან იმაზე ახლოს არის, ვიდრე აქამდე აღმოჩენილი რომელიმე სხვა წყვილური სუპერმასიური შავი ხვრელი. მათ ერთმანეთისგან მხოლოდ 1600 სინათლის წელიწადი აშორებთ. ასტრონომთა აზრით, ეს ორი შავი ხვრელი საბოლოოდ ერთმანეთთან იმდენად ახლოს მივა, რომ შეერწყმებიან და ერთ, გაცილებით დიდ მონსტრად გადაიქცევიან.

აღმოჩენა ადასტურებს, რომ გალაქტიკა NGC 7727 წარმოადგენს ორი გალაქტიკის შერწყმის შედეგს; ამავე დროს, ბრწყინვალე, შედარებით ახლო „ლაბორატორიას“ გვთავაზობს ერთმანეთთან შერწყმისთვის განწირულ ორ შავ ხვრელს შორის მიმდინარე ურთიერთქმედებათა შესასწავლად.

„ერთმანეთთა ასე ახლოს მყოფი ორი სუპერმასიური შავი ხვრელი პირველად ვიპოვეთ, მათ შორის მანძილი იმის ნახევარია, რაც წინა რეკორდის მფლობელ წყვილს შორის იყო“, — ამბობს სტრასბურგის ობსერვატორიის ასტრონომი კარინა ვოგელი.

ორმაგი, წყვილური სუპერმასიური შავი ხვრელები ასტრონომთათვის რამდენიმე მიზეზის გამოა საინტერესო. სუპერმასიური შავი ხვრელები უმეტეს გალაქტიკათა ცენტრშია მოთავსებული და წარმოადგენენ ბირთვს, რომლის გარშემოც გალაქტიკის ყველა სხვა დანარჩენი ობიექტი თუ მატერია მოძრაობს.

როდესაც ერთ გალაქტიკაში, ერთად მყოფ ორ ასეთ შავ ხვრელს პოულობენ, ეს იმის ნიშანია, რომ ორი გალაქტიკა წარსულში ერთმანეთს არის შეჯახებული. ცნობილია, რომ ეს პროცესი მართლაც ხდება; წყვილურ სუპერმასიურ შავ ხვრელთა აღმოჩენას შეუძლია გვითხრას, როგორ გამოიყურება ეს პროცესი ფინალურ ეტაპებზე.

წყვილურ შავ ხვრელებს ბევრი რამის თქმა შეუძლიათ იმის შესახებაც, როგორ შეიძინეს ამხელა მასა ამ კოლოსალურმა ობიექტებმა; მათში ხომ მილიონობით და მილიარდობით მზის მასა იყრის თავს. ამის ერთ-ერთი გზაა წყვილურ შავ ხვრელთა შერწყმა. წყვილური სუპერმასიური შავი ხვრელის პოვნა დაგვეხმარება გავიგოთ, ხდება თუ არა მათი ზრდის შემთხვევაშიც ასე, რაც თავის მხრივ, უფრო ზუსტი მოდელების შექმნის საშუალებას მოგვცემს.

უკვე გარკვეული ხანია, გალაქტიკა NGC 7727 ინტერესის საგანია, წყვილური სუპერმასიური შავი ხვრელის გამო. მისი ფიზიკური მახასიათებლები მიუთითებს, რომ ის შორეულ წარსულში მომხდარი გალაქტიკური შერწყმის პროდუქტია. თუმცა, შავ ხვრელთა დანახვა თითქმის შეუძლებელია, თუ ისინი მატერიას აქტიურად არ შთანთქავენ. ამ დროს, შავი ხვრელის გარშემო მოძრაობს მატერიის ღრუბელი, რომელიც კაშკაშებს და რადიაციას ასხივებს. NGC 7727-ს არ გააჩნია ორი სუპერმასიური შავი ხვრელისთვის დამახასიათებელი ასეთი კაშკაშა დინება.

სწორედ აქ ითამაშა გადამწყვეტი როლი ამ გალაქტიკის სიახლოვემ. ვინაიდან NGC 7727 ჩვენთან ასე ახლოს არის, მკვლევრებმა შეძლეს გალაქტიკის ცენტრში ვარსკვლავთა მოძრაობის მონაცემების დადგენა, რაშიც მოძრაობისას მათი სინათლის ცვლილებები დაეხმარათ. შედეგად კი გამოვლინდა, რომ ეს გალაქტიკა არა ერთ, არამედ ორ სუპერმასიურ შავ ხვრელს შეიცავს.

მათგან ერთ-ერთი სუპერმასიური შავი ხვრელი შედარებით დიდია და დაახლოებით 154 მილიონ მზის მასას შეიცავს. მეორე გაცილებით პატარაა და მასში მხოლოდ 6,3 მილიონი მზის მასა იყრის თავს. აქტიური მხოლოდ ერთი მათგანია — პატარა. ამით აიხსნება იქ არსებული ცოტა რადიაცია — გაცილებით დიდი შავი ხვრელი ხომ მიძინებულია.

მკვლევართა განცხადებით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ სამყაროში შეიძლება ძალიან ბევრი წყვილური სუპერმასიური შავი ხვრელი იყოს, რომლებსაც ამჟამად უბრალოდ ვერ ვაფიქსირებთ. შედეგად, ადგილობრივ სამყაროში შეიძლება იმაზე 30 პროცენტით მეტი სუპერმასიური შავი ხვრელი იყოს, ვიდრე ახლა ვიცით.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი შავი ხვრელის შერწყმა გარდაუვალია, ამას გარკვეული დრო დაჭირდება; მკვლევართა განცხადებით, 250 მილიონი წელიწადი ან უფრო მეტი. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენას ჩვენ ვერ მოვესწრებით, ბინარული (წყვილური) სისტემა გვიჩენს იმედს, რომ ჩვენ გარშემო ამჟამად შეიძლება ძალიან ბევრი სუპერმასიური შავი ხვრელის შერწყმის პროცესი მიმდინარეობდეს.

თუმცა, მათი დაფიქსირება ჯერ არ შეგვიძლია; ამ დროს გამოყოფილი გრავიტაციული ტალღები საკმაოდ სუსტი უნდა იყოს ამჟამინდელი ინსტრუმენტებისთვის. მაგრამ ახალმა ინსტრუმენტებმა, მაგალითად, გრავიტაციული ტალღების კოსმოსურმა ობსერვატორია LISA-მ ეს უნდა შეძლონ.

და კიდევ, ამ აღმოჩენას იმის თქმაც შეუძლია, როგორ ვიპოვოთ მომავალში წყვილური სუპერმასიური შავი ხვრელები, უფრო შორეულ გალაქტიკებშიც კი, სადაც ცენტრში არსებულ ვარსკვლავთა მოძრაობების დეტალური მონაცემების მიღება არ შეგვიძლია.

კვლევა Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eso.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი