ტყისპირა პერიმეტრებზე ფაროსანას მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება მიმდინარეობს
ტყისპირა პერიმეტრებზე ფაროსანას მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება მიმდინარეობს

იმერეთის რეგიონში, ტყიბულში, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის გარე პერიმეტრზე აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემები დამონტაჟდა. ინფორმაციას საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით განლაგებულია მონიტორინგის სისტემები, რომლის მეშვეობითაც დგინდება მავნებლის რაოდენობა და გავრცელების არეალი. საქართველოს მასშტაბით, ტყისპირა პერიმეტრებზე „მოიზიდე და გაანადგურე“ ტექნოლოგიის სადგურები განლაგდება, რაც უზრუნველყოფს ტყის მასივებიდან სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მავნებლის გავრცელების შემცირებას“, – აცხადებენ გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის გარე პერიმეტრზე ჯამში 10 000-მდე ფერომონი დამონტაჟდა.

„ღონისძიებების კოორდინირებულად და ეფექტიანად ჩატარებისთვის დასავლეთ საქართველოში, აბაშის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი, სადაც შექმნილია მონაცემების ელექტრონული ბაზა, მონიტორინგის შედეგები აისახება ინტერაქტიულ რუკაზე და ანალიზის შედეგად, მუნიციპალიტეტების მიხედვით იგეგმება ღონისძიებები“, – აღნიშნავენ გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

უწყების ცნობით, სახელმწიფოს მიერ მობილიზებულია 150 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა, რაც გასულ წელთან შედარებით გაათმაგებულია.