ტყიბულის რაიონულ სამმართველოში მინდელის სახელობის შახტის დირექტორი და ერთ-ერთი უბნის უფროსი გამოიკითხებიან.
აღნიშნულ პირთა გამოკითხვას „საქნახშირის“ ადვოკატებიც დაესწრებიან.
როგორც ერთ-ერთმა ადვოკატმა ზაზა შანავამ პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, გამოძიება ამ ეტაპზე იმით ინტერესდება, რამდენად იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები.
„სწორედ ამის გარკვევა ხდება. გამოძიებას აინტერესებს, დაცული იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები. ამ ეტაპზე რამე დარღვევა არ იკვეთება“, – განაცხადა ზაზა შანავამ.
მისივე განმარტებით, დღეს შესაძლოა სხვა პირებიც გამოიკითხონ.
ადვოკატის ცნობით, ადგილზე მუშაობენ ადგილობრივი გამომძიებლები, თუმცა გამოსაკითხ პირთა სიმრავლის გამო, არ არის გამორიცხული ადგილობრივ სამართალდამცველებს ქუთაისიდან ჩამოსული გამომძიებლებიც მიეხმარონ.
შეგახსენებთ, მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევას გუშინ ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება მინდელის სახელობის შახტის დახურვის შესახებ. მისი ინფორმაციით, შახტი მუშაობას არ განაახლებს, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.