ტყიბულში მეშახტეების საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება.
მეშახტეები პრემიერ-მინისტრის მიერ 16 ივლისს სიტყვიერად გაკეთებული განცხადების წერილობითი დოკუმენტის სახით გაფორმებას ითხოვენ.
გარდა ამისა, მეშახტეები, პროფკავშორებთან ერთად, კომპანიისა და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრასაც მოითხოვენ.
პროფკავშირებში მიიჩნევენ, რომ შახტების დროებით დახურვისა და გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, შახტებზე რისკებისა და საფრთხეების შეფასება უნდა მოხდეს. აგრეთვე, უნდა გატარდეს საპრევენციო ღონისძიება. ამ პერიოდის განმავლობაში კი მეშახტეებმა კუთვნილი ანაზღაურება უნდა მიიღონ.
საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარის, თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, აუცილებელია, სახელმწიფოს მიერ ალტერნატიული დასაქმების პროგრამების შემუშავების პარალელურად, ტყიბულში მოხდეს ალტერნატიული დარგების განვითარება.
„როგორც პრემიერმა თქვა, უნდა მოხდეს შახტებზე რისკებისა და საფრთხეების შეფასება, ჩატარდეს გამოძიება და მკაცრად დაისაჯონ დამნაშავეები როგორც 16 ივლისს, ასევე 5 აპრილს მომხდარ ფაქტზე, რომლის გამოძიების შედეგებიც დღემდე უცნობია ჩვენთვის. თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ტყიბულში კვლავ გვეყოლება მსხვერპლი. ვერავინ პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, რომ ადამიანები აღარ დაიღუპებიან. აქედან გამომდინარე, საზოგადოება ამას ვერ შეეგუება და აქციები გაგრძელდება, სანამ მთავრობა საკითხს სახელმწიფოებრივად არ მიუდგება“, – განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ.
მეშახტეების ორგანიზებით ტყიბულში საპროტესტო აქცია გუშინაც გაიმართა.
მინდელის სახელობის შახტში 16 ივლისს მომხდარ შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად, კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება მინდელის სახელობის შახტის დახურვის შესახებ. მისი ინფორმაციით, შახტი მუშაობას არ განაახლებს, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.
საპროტესტო აქცია ტყიბულში 12:00 საათზეა დაგეგმილი.