ტყიბულში ქვანახშირის კარიერი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, „საქნახშირს“ არ ეკუთვნის
ტყიბულში, ერთ-ერთ კერძო შახტში 55 წლის მამაკაცის ძებნა გრძელდება. ოპერაციაში ქუთაისისა და ტყიბულის სამაშველო ჯგუფები არიან ჩართული. ადგილზე ჩავიდა რეაგირების ჯგუფიც.
მაშველებს კომპანია „საქნახშირის“ მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მეშახტეებიც ეხმარებიან. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შემთხვევის მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა გახდა.
„როგორც კი გავიგეთ შემთხვევის შესახებ, მაშინვე მოვედით დასახმარებლად, მაგრამ ამ დრომდე ვერ შევძელით. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ ცუდი გამაგრება იყო, შახტში კედლები არ იყო საკმარისად კარგად გამაგრებული“, -განაცხადა კომპანია „საქნახშირის“ კუთვნილი მინდელის სახელობის შახტის დირექტორმა, ელდარ ჩაფიძემ.
ამასთან, როგორც კომპანიაში აცხადებენ, კარიერი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, „საქნახშირს“ არ ეკუთვნის, კერძო მფლობელობაშია და იქ ქვანახშირი ღია კარიერული წესით მიმდინარეობს.
დღეს კომპანია „საქნახშირის“ ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ ტყიბულში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია.