თვითმხილველი აცხადებს, რომ ვარკეთილში მამაკაცმა შვილებთან კონფლიქტის შემდეგ, მათი დაშინების მიზნით, იატაკის მიმართულებით გაისროლა
თვითმხილველი დავით ცინცქილაძე, რომელიც ვარკეთილში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, აცხადებს, რომ მამაკაცი, რომელიც საცხოვრებელი ბინიდან ისვრის, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არის.
„დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა. მე ვესაუბრე ამ მამაკაცის ქალიშვილს. ეს ბატონი ფხიზელ მდგომარეობაში არის არაჩვეულებრივი პიროვნება, ძალიან კარგად ხასიათდება, მაგრამ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ხდება არაადეკვატური. დღესაც ანალოგიური შემთხვევა მოხდა, სახლში იმყოფებოდა ოჯახის სამი წევრი, მოძალადე მამაკაცი და მისი 16 წლის და 23 წლის შვილები. ბავშვებთან დაიწყო კონფლიქტი და მათი დაშინების მიზნით, რეგისტრირებული იარაღით გაისროლა იატაკის მიმართულებით და შემდეგ ჰაერში. შემდეგ ჩაიკეტა სახლში და არ ეკონტაქტება არავის“, – აცხადებს თვითმხილველი.
მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი ოჯახის წევრებზე წარსულშიც ძალადობდა.
„მის მიმართ იყო გამოწერილი შემაკავებელი ორდერიც. შემაკავებელი ორდერის დროს ის დამშვიდებული იყო, როცა ვადა გაუვიდა ამ ორდერს, მამაკაცს სძლია ცდუნებამ, ისევ ალკოჰოლს მიეძალა და მოახდინა ის, რაც მოახდინა“, – აცხადებს თვითმხილველი.
რა ვითარებაა ამჟამად ვარკეთილში იხილეთ ლინკზე.