ირაკლი ბენდელიანი - „ვარკეთილში“ მომხდარის შემდეგ თბილისის მერია სამშენებლო მასალების ხარისხსა და ჩატარებულ სამუშაოებზე კონტროლს ამკაცრებს
ირაკლი ბენდელიანი - „ვარკეთილში“ მომხდარის შემდეგ თბილისის მერია სამშენებლო მასალების ხარისხსა და ჩატარებულ სამუშაოებზე კონტროლს ამკაცრებს

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჩამოშლილი კონსტრუქციის შემდეგ თბილისის მერია სამშენებლო მასალების ხარისხსა და ჩატარებულ სამუშაოებზე კონტროლს ამკაცრებს, – ამის შესახებ პირველ არხს თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, კონკრეტულად რა სახის რეფორმები გატარდება ამ კუთხით, საზოგადოებისთვის რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

„ჩვენ უკვე მივიღეთ დავალება დედაქალაქის მერისგან, რომ გამკაცრდეს ზედამხედველობა სამუშაოების ხარისხის საკითხზე, მაგალითისთვის შემიძლია ვთქვა, რომ შეიძლება მოხდეს როგორც ჩვენი მუნიციპალური ლაბორატორიის გაძლიერება, გადამზადება და კვალიფიციური კადრების დამატება, ასევე შეიძლება მოხდეს ინფრასტრუქტურული პროექტებიდან გამომდინარე, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიების ჩართვა აღნიშნული სახის სამუშაოებში“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მეტროსადგურის რეკონსტრუქციისას დაშვებულ შეცდომებზე ექსპერტებიც საუბრობენ.

მათი შეფასებით მეტროსადგურის რეკონსტრუქციას სპეციფიკური გამოცდილება სჭირდება და ეს შემთხვევა მნიშვნელოვანი სიგნალი იყო, იმისთვის რომ მომავალში ასეთი პრობლემები თავიდან იქნას აცილებული.

„პირველ რიგში უნდა გამკაცრდეს სატენდერო პირობები და კომპანიები, რომლებსაც არ აქვთ მეტროს მშენებლობაში გამოცდილება, თუნდაც მას საბავშვო ბაღები და სკოლები ჰქონდეს აშენებული, მეტროს რეკონსტრუქციაზე არ უნდა იყოს დაშვებული, რადგან ეს საკმაოდ სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვს”, – განაცხადა „ურბანული ლაბორატორიის“ ხელმძღვანელმა გიორგი ბაბუნაშვილმა.

შეგახსენებთ, 30 იანვარს მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაკიდული ჭერის კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად, 14 ადამიანი დაშავდა. შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, გამოძიება მიმდინარეობს.