თვითმხილველი ყვება, რომ 51-ე სკოლის მოსწავლეებს დაპირისპირებისას არანაირი იარაღი არ ჰქონიათ
51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე თვითმხილველები საუბრობენ. იმ ეზოს მცხოვრები, სადაც დაპირისპირება მოხდა, ადგილზე ცივი იარაღის არსებობას გამორიცხავს.
ნანა შავგულიძის თქმით, სკოლის მოსწავლეები დანის გარეშე ჩხუბობდნენ. მისივე თქმით, კონფლიქტის მონაწილეებს შორის მეთორმეტე კლასელები არ ყოფილან.
„დანა არ ყოფილა, არც დიდხანს გაგრძელებულა ჩხუბი. ბავშვები კამათობდნენ და მეზობლის ბიჭებმა გააშველეს. ურტყამდნენ ერთმანეთს. სამართალდამცველები მალე მოვიდნენ, მეზობელმა გამოიძახა. თეთრი პერანგები არც ერთს ეცვა, პატარები იყვნენ. დამამთავრებელი სკოლის მოსწავლეები არ ყოფილან, უფრო პატარები იყვნენ. არ ვიცი რაზე იყო დაპირისპირება და ჩხუბი. ბევრი ბავშვი იყო, მაგრამ დაჭრით არავინ დაუჭრიათ და არც დანა ყოფილა. რომ ყოფილიყო დანა, სისხლის კვალი ხომ იქნებოდა?“,- აცხადებს დაპირისპირების თვითმხილველი.
მოზარდების შორის დაპირისპირების ფაქტზე შსს-მ გამოძიება გამოძიება სსსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების ცნობით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.