გიორგი ამილახვარი საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა
გიორგი ამილახვარი საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მსოფლიო და რეგიონულ საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს უმასპინძლა, მათ მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

გიორგი ამილახვარმა პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებში საქართველოს ეროვნული ნაკრებების წარმატების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, მართლაც საამაყოა, რომ ქართველი მოსწავლეები ქვეყანას ყოველ წელს საერთაშორისო ასპარეზზე ასახელებენ.

მინისტრმა საქართველოში საერთაშორისო კონკურსების ჩატარების ხელშეწყობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველომ ბოლო წლებში სხვადასხვა მნიშვნელოვან ტურნირს უმასპინძლა.

გიორგი ამილახვარის თქმით, სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას მსგავსი ღონისძიებების ჩატარებისა და მოსწავლეების მხარდაჭერის კუთხით, რათა ქართველ ახალგაზრდებს ჰქონდეთ კიდევ უფრო ფართო ასპარეზი საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნაკრებმა გუნდებმა, ჯამში, 11 ოქროს, 14 ვერცხლის, 24 ბრინჯაოს მედალი და ცხრა საპატიო სიგელი მოიპოვეს, მათ შორის, მსოფლიო ოლიმპიადებზე – ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლის, ცხრა ბრინჯაოს მედალი და ორი საპატიო სიგელი. განსაკუთრებით, აღსანიშნავია მათემატიკის, ფიზიკისა და ინფორმატიკის მიმართულებით ყაზახეთის ქალაქ ალმატიში ჩატარებული ტურნირი, სადაც საქართველო აბსოლუტური ჩემპიონი და ოქროს მედლების მფლობელი გახდა.

2023 წელს, პირველად, საქართველომ უმასპინძლა „ქიმიის საერთაშორისო ტურნირს‘‘, რომელშიც ექვსი ქვეყნის რვა გუნდი მონაწილეობდა. ასევე, ქვეყანა გახდა „ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის‘‘ მასპინძელი, რომელშიც 25 ქვეყნის 26 გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.