თუშეთში მაშველებმა მოქალაქეს, რომელიც ცხენიდან გადმოვარდა, დახმარება აღმოუჩინეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შენაქოში 25 წლის მოქალაქემ ცხენიდან გადმოვარდნის შედეგად სხეულის დაზიანებები მიიღო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თუშეთის მიმართულებით შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ჯგუფები გაემგზავრნენ.

მათივე ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ, ექიმის თანხლებით, პაციენტი გადმოყვანილია თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში და უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

„სამაშველო ოპერაციაში ჩართულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმები“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.