თუშეთში ავარიის შედეგად დაკარგულ მამაკაცს მაშველები ამ დრომდე ეძებენ [ფოტო]
ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე სამაშველო-საძიებო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ახალგაზრდა მამაკაცის პოვნას მაშველები ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
დღევანდელი სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, ხევში გადავარდნილი მანქანა სპეციალური ტექნიკით დაშალეს და წყლის კალაპოტიდან ისე ამოიტანეს.
როგორც საქართველოს პირველ არხს ადგილზე განუცხადეს, მაშველები ვარაუდობდნენ, რომ შესაძლოა, მამაკაცი მანქანის ქვეშ მოყოლილიყო.
ამ დროისთვის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა გახსნილია. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ხვალ 06:00 საათიდან განახლდება.
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე სატვირთო მანქანა დიდი სიმაღლიდან 27 ივლისს გადავარდა. სატვირთო მანქანაში 12 მგზავრი იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი კი დაშავდა. მათგან სამს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. ამ დროისთვის მაშველებმა ექვსი ადამიანის ცხედრის პოვნა და ხევიდან ამოყვანა შეძლეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.