თუშეთისკენ გზა გახსნილია, თუმცა პერიოდულად ავტომობილების გადაადგილება იზღუდება
თუშეთისკენ მიმავალი გზა გახსნილია, თუმცა მისი გაწმენდითი სამუშაოები კვლავ ინტენსიურად მიმდინარეობს. თუშეთთან დამაკავშირებელი გზის სრულად გახსნა სავარაუდოდ თვის ბოლოს მოხერხდება. მანამდე კი, საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით, დღის განმავლობაში, დილის ცხრა საათიდან საღამოს ექვს საათამდე, ორ-ორ საათიანი ინტერვალით, გზაზე მოძრაობა იზღუდება.
თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე, ფშაველი-აბანო-ომალოს 56-ე კილომეტრზე სამუშაოების მწარმოებელი შპს „გერალის“ წარმომადგენლები მორიგეობენ, რათა მგზავრების უსაფრთხოება იყოს დაცული. ამის შესახებ პირველ არხს „გერალის“ დირექტორმა ტარიელ წიკლაურმა განუცხადა.
„გზა გახსნილია, მაგრამ მისი გაწმენდა-გაფართოების სამუშაოებს ისევ ვაგრძელებთ. ხშირი წვიმების გამო, გზაზე სისტემატურად ჩამოდის გრუნტის ქანები და სავალ ნაწილს კეტავს, ვმორიგეობთ, რომ ტრანსპორტი არ შეაფერხოს ჩამონაშალმა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით ვაფრთხილებთ მგზავრებს“, – ამბობს ტარიელ წიკლაური.
თუშეთში, რომელიც საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1900-2400 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, 52 სოფელია.