თუშეთის გზის 56-ე კილომეტრზე ხელოვნური ტბის წარმოქმნის შემდეგ გასულ წელს რეაბილიტირებული გზა ისევ წყლით დაიფარა. გზის ამ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეუძლებელია.
როგორც საქართველოს პირველ არხს თუშეთში ახმეტის მერის წარმომადგენელმა, ლადო კახოიძემ განუცხადა, საკითხზე საავტომობილო გზების დეპარტამენტში შეხვედრა ხვალ არის ჩანიშნული და პრობლემის მოგვარება მყისიერად დაიწყება.
„56-ე კილომეტრზე, სადაც ფაქტობრივად 2017 წელს გვქონდა მეწყერი, თოვლის ინტენსიური დნობის შედეგად აწეულია წყლის დონე. მისავალი ნაწილი ფაქტობრივად დაფარულია წყლით. რაც შეეხება სამუშაოებს და განსახორციელებელ ღონისძიებებს, ხვალ არის ამასთან დაკავშირებით შეხვედრა საგზაო დეპარტამენტში და შესაბამისად მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომლის საშუალებითაც მოხდება ამ წყლის დონის დაწევა“, – განაცხადა ლადო კახოიძემ.
ფშაველი-აბანო-ომალოს გზა თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო მონაკვეთია, რომელიც დიდთოვლობის გამო ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე იკეტება.
გზის აღნიშნული მონაკვეთი გასულ წლებში რამდენჯერმე დაზიანდა.
ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.