თურქული მედია - გიულენის ორგანიზაციის წევრი საზღვრის გადაკვეთას საქართველოს მოქალაქის ყალბი პირადობით ცდილობდა
აშშ-ში მცხოვრები ფეთჰულა გიულენის ორგანიზაცია „ფეტოს“ წევრი თურქეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთას საქართველოს მოქალაქის ყალბი პირადობის მოწმობით ცდილობდა.
ინფორმაციას ამის შესახებ თურქული სააგენტო Sabah-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუქნტზე დააკავეს მამაკაცი, რომელსაც საქართველოს მოქალაქის ყალბი საბუთები ჰქონდა.
ინციდენტი ჯერ კიდევ 19 ოქტომბერს მოხდა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია თურქულ მედიაში ახლა გავრცელდა.
დაკავებული თურქეთის მოქალაქე ქერემ ოქი აღმოჩნდა, რომელიც „ფეტოს“ წევრობაშია ეჭვმიტანილი.
თურქეთის ხელისუფლება „ფეტოს“ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, ფეთჰულა გიულენს კი 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს.
გამოძიების მტკიცებით, ქერემ ოქი სტამბოლის უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომელია და ის იყენებდა პროგრამას ByLock-ს, რომელსაც, თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, „ფეტოს“ წევრები ერთმანეთთან ფარული შეტყობინებების გასაგზავნად იყენებენ.
დაკავებულმა აღიარა, რომ პირადობის დამადასტურებელი ყალბი მოწმობით საქართველოში გაქცევას, შემდეგ კი ნორვეგიაში გადასვლას აპირებდა.
თურქული მედიის ცნობით, დაკავებულს საკუთარი ძმა ეხმარებოდა, რომელიც ავიაკომპანია Turkish Airlines-ის მფრინავია.