თურქეთის პროკურატურამ აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ მქადაგებელთან კავშირის ბრალდებით 158 პირის დაკავების ორდერი გასცა
თურქეთის პროკურატურამ აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ მქადაგებელთან კავშირის ბრალდებით 158 პირის დაკავების ორდერი გასცა

თურქეთის პროკურატურამ აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ მქადაგებელთან ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით 158 პირის დაკავების ორდერი გასცა. ეჭვმიტანილებს შორის 33 მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა.

ოპერაცია ქვეყნის 41 პროვინციაში მიმდინარეობს. ამ დროისთვის დაკავებულია 97 ადამიანი. ეჭვმიტანილებს შორის სამხედრო სასწავლებლის 110 სტუდენტია, რომლებიც 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდგომ სასწავლებლიდან გარიცხეს.

თურქეთის ხელისუფლება 2016 წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს და აშშ-სგან მის ექსტრადირებას ითხოვს. თავად გიულენი ბრალდებებს უარყოფს. არშემდგარი გადატრიალების შემდეგ თურქეთში დაპატიმრებულია 80 ათასამდე ადამიანი, 150 ათასი საჯარო მოხელე და სამხედრო მოსამსახურე კი სამსახურიდან გაათავისუფლეს.