თურქეთში ქართველი მაშველების როტაცია განხორციელდა, 112 მაშველი სამაშველო სამუშაოებს ჰათაის პროვინციაში გააგრძელებს
თურქეთის ქალაქ ადიამანში ქართველი მაშველების როტაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა ავრცელებს.
ელჩის ინფორმაციით, ქართველმა მაშველებმა ლოკაცია შეიცვალეს და სამაშველო სამუშაოებს ჰათაის პროვინციაში გააგრძელებენ.
„თურქეთის ქალაქ ადიამანში ჩვენი მაშველების როტაცია განხორციელდა. შეიცვალა ლოკაცია, ამჟამად 112-კაციანი ქართული კოლონა გადაადგილდება ჰათაის პროვინციისკენ სამძებრო-სამაშველო ოპერაციის გასაგრძელებლად. წარმატება და მშვიდობით დაბრუნება ვუსურვოთ მათ“, – წერს ელჩი სოციალურ ქსელში.