თურქეთში დღეს ტრანსანატოლიური გაზსადენის გახსნის ცერემონია გაიმართება
თურქეთის ქალაქ ესქიშექირში დღეს ტრანსანატოლიური გაზსადენის (TANAP) გახსნის ცერემონია გაიმართება. ღონისძიების სტუმრებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი უმასპინძლებს. არსებული ინფორმაციით, ცერემონიას აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაესწრებიან.
თურქეთში მიწვეული იყო საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც. თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მარგველაშვილი გახსნის ცერემონიას არ დაესწრება.
ტრანსანატოლიური გაზსადენი (TANAP) საქართველო-თურქეთის საზღვრიდან იწყება და დასავლეთისკენ თურქეთის მთელ ტერიტორიას კვეთს. კასპიის ზღვიდან, შაჰ-დენიზის საბადოდან გაზი აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით სწორედ ტრანსანატოლიურ მილსადენში მოხვდება. ტრანსადრიატიკული მილსადენის (TAP) მშენებლობის დასრულების შემდეგ კი ბუნებრივი აირის მიღების საშუალება ევროკავშირის ქვეყნებსაც ექნებათ.
TANAP-ი პირველ ეტაპზე წელიწადში 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარებას შეძლებს.