TANAP-ის გახსნის ცერემონიას თურქეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და სერბეთის პრეზიდენტები ესწრებიან
TANAP-ის გახსნის ცერემონიას თურქეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და სერბეთის პრეზიდენტები ესწრებიან

თურქეთის ქალაქ ესქიშექირში ტრანსანატოლიური მილსადენის (TANAP) გახსნის ცერემონია მიმდინარეობს. ღონისძიებას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებიან.

თურქეთში მიწვეული იყო საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თუმცა როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, მან TANAP-ის გახსნის ღონისძიებაზე გამგზავრება გრაფიკის გამო ვერ შეძლო. ამასთან, თურქეთში არ ჩასულან  საქართველოს მთავრობის წევრები. ცერემონიას საქართველოს ელჩი თურქეთში ირაკლი კოპლატაძე ესწრება.

ტრანსანატოლიური მილსადენი (TANAP) საქართველო-თურქეთის საზღვრიდან იწყება და დასავლეთისკენ თურქეთის მთელ ტერიტორიას კვეთს. კასპიის ზღვიდან, შაჰ-დენიზის საბადოდან გაზი აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით სწორედ ტრანსანატოლიურ მილსადენში მოხვდება. ტრანსადრიატიკული მილსადენის (TAP) მშენებლობის დასრულების შემდეგ კი ბუნებრივი აირის მიღების საშუალება ევროკავშირის ქვეყნებსაც ექნებათ. TANAP-ი პირველ ეტაპზე წელიწადში 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარებას შეძლებს.

დატოვე კომენტარი