ქვის ხანის ქალაქი თითქოს დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ამის ნათელი მაგალითია ნასახლარი ჩათალჰოიუქი თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, სადაც ხალხი ჯერ კიდევ 8000-9000 წლის წინ ცხოვრობდა. შედეგად, ის ნეოლითისა და ენეოლითის ეპოქის ყველაზე დიდი დასახლებაა.
„ჩათალჰოიუქი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქეოლოგიური ძეგლია“, — ამბობს ლიზა ბენდერ იორგენსენი.
ის ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის არქეოლოგიის პროფესორ-ემერიტუსია და იკვლევს, რას იყენებდა უძველესი ხალხი ტანსაცმლის სახით.
ბენდერ იორგენსენი არქეოლოგიური ქსოვილების სპეციალისტია და ამ კვლევაშიც მონაწილეობდა.
მეცნიერები ჯერ კიდევ 1962 წლიდან მსჯელობენ იმის შესახებ, რა სახის ტანსაცმელი ეცვათ ჩათალჰოიუქის მცხოვრებლებს. ქსოვილის პირველი ნაჭერი ამ ძეგლზე სწორედ მაშინ აღმოაჩინეს.
ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ადამიანები ტანსაცმელს მატყლისგან ამზადებდნენ. სხვები კი ფიქრობენ, რომ ამისათვის სელს იყენებდნენ. რომელი ვარაუდია სწორი? თითქმის 60 წლის შემდეგ, პასუხი ახლა უკვე გვაქვს.
„არც ერთი“, — ამბობენ ბენდერ იორგენსენი და მისი კოლეგები.
ჩათალჰოიუქის შესახებ შეიძლება არც არაფერი გსმენიათ, მაგრამ არქეოლოგიურ წრეებში ის ნამდვილი საგანძურია.
„როდესაც 1950-იანი წლების ბოლოს ჩათალჰოიუქის გათხრები დაიწყო, ის მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქალაქად მიიჩნიეს. ახალი აღმოჩენები აჩვენებს, რომ ასე არ არის, მაგრამ ეს ადგილი მაინც ძლიერ გამორჩეულია“, — განმარტავს იორგენსენი.
გათხრებს თავდაპირველად არქეოლოგი ჯეიმს მელაარტი ხელმძღვანელობდა. თუმცა, მოგვიანებით, თურქეთის ხელისუფლებამ ის ქვეყნიდან გააძევა, რადგან ბრალი დასდო შავ ბაზარზე არქეოლოგიური არტეფაქტების გაყიდვაში.
ირკვევა, რომ ჩათალჰოიუქში ხალხი ჯერ კიდევ 9000 წლის წინ ცხოვრობდა. გამოვლენილია დასახლებათა 18 ფენა. ბოლო დასახლებათა კვალი 7950 წლის წინანდელია.
1993-2017 წლებში ძეგლზე გათხრებს აწარმოებდა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი არქეოლოგი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი იან ჰოდერი.გამოვლინდა დიდი ოდენობით ახალი მონაცემი და ძეგლის შესახებ სრულიად ახალი ცნობები მივიღეთ.
ჰოდერისა და მისი კოლეგების აღმოჩენებს შორის იყო ქსოვილის რამდენიმე ნაჭერი, რომლებიც 8500-8700 წლის წინანდელი აღმოჩნდა.
„როდესაც ჰოდერის გათხრებისას ქსოვილები აღმოაჩინეს, მე მიმიწვიეს, რათა ისინი ჩემს შვეიცარიელ კოლეგასთან, ანტუანეტ რასტ-აიხერთან ერთად შემესწავლა“, — ამბობს იორგენსენი.
რასტ-აიხერი ბერნის უნივერსიტეტის მეცნიერია და მისი სპეციალიზაციაა ქსოვილის ბოჭკოების იდენტიფიცირება. მას ნამუშევარი აქვს ევროპაში აღმოჩენილ ერთ-ერთ უძველეს ტექსტილზე, რომელიც ალპებში, ტბაში იპოვეს. ამ ორი მკვლევარს რამდენიმე პროექტზე აქვთ ერთობლივად ნამუშევარი.
2017 წლის აგვისტოში ისინი ჩათალჰოიუქში გაემგზავრნენ და ჰოდერის ჯგუფის მიერ აღმოჩენილი ქსოვილების კვლევა დაიწყეს. პასუხები აშკარა იყო.
„წარსულში მკვლევრები დიდწილად უგულებელყოფდნენ შესაძლებლობას, რომ ქსოვილის ბოჭკოები შეიძლება სხვა რამისაც ყოფილიყო და არა მხოლოდ მატყლის ან სელის, მაგრამ შემდეგში, ყურადღება სხვა მასალამ მიიპყრო“, — აღნიშნავს იორგენსენი.
ირკვევა, რომ ჩათალჰოიუქის მცხოვრებლები ზუსტად ამ მასალის სხვადასხვა ნაირსახეობას იყენებდნენ.
„ლაფნის ბოჭკოს ათასობით წლის განმავლობაში იყენებდნენ თოკების, ძაფებისა და როგორც ჩანს, ტანსაცმლის დასამზადებლადაც“, — ამბობს იორგენსენი.
კალათაში ნაპოვნი ბოჭკოს ნიმუში ბალახისგან დამზადებული აღმოჩნდა, მაგრამ რამდენიმე ქსოვილი აშკარად მუხის ხის ლაფნის ბოჭკოსგან არის დამზადებული. ამავე დროს, ისინი მსოფლიოში უძველესი ჩვენამდე მოღწეული საფეიქრო ქსოვილებია.
ლაფნის ბოჭკო ხის ქერქსა და მერქანს შორის გვხვდება, ძირითადად ტირიფის, მუხისა და ცაცხვის ხეებში. ჩათალჰოიუქის მცხოვრებლები ბოჭკოს მისაღებად მუხის ქერქს იყენებდნენ, რომელიც მათ მიდამოებში უხვად ხარობდა. მუხის მორებს იყენებდნენ სახლების სამშენებლო მასალად.
ექსპერტთა დასკვნა კიდევ ერთ რამეზე მიუთითებს: მართალია, ამ რეგიონში დიდი ოდენობით სელის თესლია აღმოჩენილი, მაგრამ როგორც ჩანს, ჩათალჰოიუქის მცხოვრებლები სელის კულტივირებას არ მისდევდნენ.
იორგენსენის განცხადებით, ლაფნის ბოჭკოს, როგორც ადრეულ მასალას, ხშირად სათანადო ყურადღება არ ექცევა და სამეცნიერო დისკუსიებში მაინც სელი დომინირებს, როგორც უძველესი ხალხის მიერ ბოჭკოს მიღების საშუალება.
კვლევა ჟურნალ Antiquity-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია phys.org-ის მიხედვით.