თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი - რუსეთის მონაწილეობა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტში მომგებიანი იქნება
რუსეთის მონაწილეობა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტში მომგებიანი იქნება, – ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მეჰმეთ თურხანმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
„რუსეთის გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, თუ ისინი მიიღებენ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ტვირთების გადაზიდვის გადაწყვეტილებას, ეს იქნება მომგებიანი როგორც რუსეთისთვის, ისე რეგიონის ქვეყნებისთვის. მათ შეუძლიათ, ტვირთები მიაწოდონ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს. ვფიქრობ, ეს ხაზი მნიშვნელოვანი და მომგებიანია არა მხოლოდ რუსეთისთვის, ასევე ჩინეთისთვის, პაკისტანისთვის, ავღანეთისთვის, ტაჯიკეთისთვის, ყირგიზეთისთვის. ეს მათთვის შესაძლებლობაა ტვირთები დასავლეთში გაიტანონ“, – აღნიშნა თურხანმა.
მინისტრი აცხადებს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე ტვირთბრუნვა ეტაპობრივად გაიზრდება.
„ეს პროექტი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას. ტვირთბრუნვა ამ მაგისტრალზე აუცილებლად გაიზრდება და ამისთვის შესაბამისი სამუშაოებიც ხორციელდება. მოკლე ვადაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტვირთების მოცულობა მიაღწევს წელიწადში სამ მილიონ ტონას, საბოლოოდ კი, 17 მილიონ ტონამდე ავა“, – განაცხადა თურხანმა.
ინტერვიუში თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა საქართველოს მადლობა გადაუხადა ტერორიზმთან ბრძოლაში გაწეული მხარდაჭერისთვის.
„როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, უნდა ვთქვათ, რომ დღევანდელ დღეს ნებისმიერი პოზიტიური ან ნეგატიური მოვლენა, რომელიც ხდება ერთ ქვეყანაში, ავტომატურად აისახება მეზობელ სახელმწიფოებზე. ბოლო პერიოდში მსოფლიოს წინაშე არსებული მთავარი გამოწვევა ტერორიზმია. თურქეთსაც უწევს ბრძოლა სხვადასხვა ტერორისტულ ორგანიზაციასთან. საქართველო ამაში ყოველთვის მხარს გვიჭერს. 2016 წელს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ პირველი ვიზიტი თურქეთში სწორედ საქართველოს სამთავრობო დელეგაციის მხრიდან შედგა. ეს იყო მხარდაჭერის ნიშანი. ჩვენ უნდა გვქონდეს ორმხრივი თანამშრომლობა, რათა გამოვრიცხოთ ტერორისტული საფრთხეები“, – დასძინა მინისტრმა.