თურქეთის პრეზიდენტი საზღვრებს გარეთ ახალი სამხედრო ოპერაციის ჩატარებას არ გამორიცხავს
თურქეთის პრეზიდენტი საზღვრებს გარეთ ახალი სამხედრო ოპერაციის ჩატარებას არ გამორიცხავს. ეს განცხადება რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში გამართული მიტინგის დროს გააკეთა. ერდოღანის თქმით, ანკარა ყველაფერს გააკეთებს, რომ საზღვარი ტერორისტებისგან გაათავისუფლოს.
თურქეთის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ქვეყანაში აპირებს თურქეთი ოპერაციის ჩატარებას, თუმცა მედია ავრცელებს ცნობას, რომ თურქი სამხედროები შესაძლოა ერაყში გამოჩნდნენ.
სტამბოლში მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა ერთ საათზე მეტი ისაუბრა. მან განიხილა როგორც საგარეო, ისე საშინაო საქმეები.
ერდოღანმა დაადასტურა, რომ ანკარას კვლავ სურს ევროკავშირში გაწევრიანება.
„თურქეთს არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირში სრულუფლებიან წევრად შესვლის მიზანზე. მიუხედავად იმისა, რომ ანალოგიური მისწრაფება ჩვენი პარტნიორებისგან არ შეინიშნება”, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის ლიდერის ეს გამოსვლა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ამასთან, ოპოზიციის კანდიდატმა “სახალხო რესპუბლიკური პარტიის” წევრმა მუჰარემ ინჯემ ტელევიზიას მოუწოდა, მეტი დრო დაუთმოს მის გამოსვლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ტელეკომპანიებთან აქციების გამართვით დაიმუქრა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 24 ივნისს გაიმართება.