თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის გაუქმებას განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
თურქეთის ოფიციალური პირების ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის მიერ მიღებული რეზოლუციაა, რომელშიც 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი მკვლელობა გენოციდადაა აღიარებული.
თურქეთის მთავრობის გაღიზიანება გამოიწვია წარმომადგენლთა პალატის მიერ მიღებულმა კიდევ ერთმა რეზოლუციამ, რომელშიც კონგრესმენები თურქეთის მიერ სირიაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციისა და რუსეთისგან სარაკეტო კომპლექს ეს-400-ის ყიდვის გამო, ანკარას წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ.
„ეს ნაბიჯები სერიოზულ ზიანს აყენებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს. ამ გადაწყვეტილებების გამო, ერდოღანის ვიზიტის გადადება განიხილება“, – აცხადებენ თურქეთის მთავრობის წარმომადგენლები. ერდოღანის ვიზიტი ვაშინგტონში 13 ნოემბერს იგეგმებოდა.