თურქეთის პრეზიდენტი ჯო ბაიდენს - თუ თქვენ გსურთ, რომ ჩვენი ალიანსი გლობალურად და ნატო-შიც გაგრძელდეს, მაშინ ტერორისტების მხარეზე აღარ უნდა დადგეთ
თურქეთის პრეზიდენტი ჯო ბაიდენს - თუ თქვენ გსურთ, რომ ჩვენი ალიანსი გლობალურად და ნატო-შიც გაგრძელდეს, მაშინ ტერორისტების მხარეზე აღარ უნდა დადგეთ

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ ქურთი მებრძოლების მხარდაჭერაში დაადანაშაულა. თურქეთის ლიდერის თქმით, ვაშინგტონი მხარს უჭერს იმ ძალებს, რომლებმაც 13 თურქი სამხედრო და პოლიციელი ერაყში მოკლეს. მისივე თქმით, აშშ-ის მიერ ამ მკვლელობის შესახებ გავრცელებული განცხადება „ხუმრობა“ იყო.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის ინფორმაციით, ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრებმა 13 თურქი მოკლეს ერაყში. მოკლულთა შორის არიან სამხედროები და პოლიციელებიც.

ვაშინგტონში მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ „აშშ გმობს მკველელობის ფაქტს თუ ცნობები, რომ ქურთ მუშათა პარტია ამ დანაშაულის უკან დგას, დადასტურდება.“

თურქეთის პრეზიდენტმა მმართველი პარტიის შეკრებაზე განაცხადა, რომ აშშ-ის ეს განცხადება აჩვენებს, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს სირიელი ქურთების ძალებს, რომელთაც ანკარა ქურთისტანის მუშათა პარტიის განშტოებად მიიჩნევს.

ერდოღანმა მიმართა აშშ-ის პრეზიდენტს და მოუწოდა შეწყვიტოს ტერორისტების მხარდაჭერა.

„თუ თქვენ გსურთ, რომ ჩვენი ალიანსი გლობალურად და ნატო-შიც გაგრძელდეს, მაშინ თქვენ ტერორისტების მხარეზე აღარ უნდა დადგეთ“, – განაცხადა ერდოღანმა.