თურქეთის გენშტაბი - ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ ფარგლებში უკვე 616 ტერორისტია განადგურებული
თურქეთის საჰაერო ძალებმა, ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ ფარგლებში, ორშაბათს კიდევ 19 ტერორისტის ლიკვიდაცია მოახერხეს. ოპერაციის დაწყებიდან კი ჯამში 616 ტერორისტია განადგურებული, – ამის შესახებ ცნობებს თურქეთის გენერალური შტაბი ავრცელებს.
„ჩვენმა საჰაერო ძალებმა 29 იანვრის მოქმედებების დროს იერიში ცხრა სამიზნეზე მიიტანეს, მათ შორის იარაღის საცავებზე. ჩვენი ინფორმაციით, შედეგად, 19 ტერორისტია ლიკვიდირებული“, – ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.
მათივე ცნობით, ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
თურქეთის ხელისუფლება ოპერაციის ფარგლებში ხშირად იყენებს სიტყვა „განეიტრალებას“, რაც მოწინააღმდეგეთა ლიკვიდაციას, ალყაში მოქცევას ან შეპყრობას აღნიშნავს.
თურქეთის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ სამხედრო ოპერაციის მიზანი სასაზღვრო ზონაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაა.
თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით „ზეთისხილის რტო“ 20 იანვარს დაიწყო. თურქეთის შეიარაღებული ძალები ქურთული სამხედრო ჯგუფების პოზიციებს ბომბავენ.