მედიის ცნობით, თურქეთის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებს სცემეს
თურქეთის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებს სცემეს. ამის შესახებ ინფორმაცია თურქულმა მედიამ გაავრცელა. მათივე ცნობით, ინციდენტი ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ სურუჩში მოხდა. მედიის ინფორმაციით, უცნობი პირები საარჩევნო კომისიის წევრებს დაესხნენ თავს და მსუბუქი დაზიანებები მიაყენეს.
ამავე ქალაქში კიდევ ერთ უბანზე ოპოზიციამ დარღვევები გამოავლინა. კერძოდ, მათი მტკიცებით, ერთი ამომრჩეველი რამდენიმე ბიულეტენით აძლევდა ხმას.
მომხდარს უკვე გამოეხმაურნენ თურქეთის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში, სადაც ამბობენ, რომ ყველა ინციდენტის გამოძიება დაწყებულია.
თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში ძირითადად ქურთები ცხოვრობენ.
თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით სულ 180 065 საარჩევნო უბანია რეგისტრირებული. არჩევნებში მონაწილეობის უფლება 56 322 632 ადამიანს აქვს.
არჩევნებში 6 საპრეზიდენტო კანდიდატი და 8 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. თურქეთის ისტორიაში პირველად, პოლიტიკურ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ალიანსების ფორმირებით აქვთ.
პოლიტიკურმა პარტიებმა პარლამენტში მოსახვედრად 10%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.