თურქეთის ელჩი შს სამინისტროში - გაგვიმართლა, რომ ურთიერთობა გვქონდა პროფესიონალიზმით გამორჩეულ სამინისტროსთან, რომელსაც კარგი მინისტრი ხელმძღვანელობს

თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, საქართველოში ოთხწლიანი დიპლომატიური სამსახურის დასასრულს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოსამშვიდობებელი ვიზიტით ეწვია.

თურქეთის ელჩს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა აგვისტო-სექტემბერში, ტყის ხანძრებთან ბრძოლის დროს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაწეული დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა.

თავის მხრივ, ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ მაღალი შეფასება მისცა იმ მჭიდრო და ნაყოფიერ ურთიერთობებს, რომელიც საქართველოსა და თურქეთის სამართლდამცავ სტრუქტურებს შორის არსებობს.

საქართველოს შს მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„საქართველოში ჩემი ოთხწლიანი სამსახური დავასრულე და გამოსამშვიდობებელი ვიზიტით მოვედი ბატონ მინისტრთან. როგორც ყოველთვის, ეს შეხვედრაც იყო ძალიან მეგობრული და პროდუქტიული.

როგორც ორ მეზობელსა და სტრატეგიულ პარტნიორებს, ჩვენ გვაქვს საუცხოო თანამშრომლობა ყველა სფეროში, მათ შორისაა, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნების შინაგან საქმეთა სამინისტროები.

ჩვენ ერთსა და იმავე რეგიონში ვცხოვრობთ, ერთნაირი რისკები და გამოწვევები გვაქვს და, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, რომ ასეთ სტრატეგიულ სამინისტროებს ჰქონდეთ ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობა.

მოხარული ვარ, რომ უკანასკნელ ოთხ წელიწადში ჩვენ კიდევ უფრო წინ წავედით და გავაღრმავეთ თანამშრომლობა, ჩვენ დღეს შევაჯამეთ, თუ რისი გაკეთება შევძელით ერთად.

ასევე ვიმსჯელეთ, როგორ შეიძლება ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს. ვფიქრობ, ძალიან გაგვიმართლა, რომ ასეთი პროფესიონალიზმით გამორჩეულ სამინისტროსთან გვქონდა ურთიერთობა, რომელსაც ასეთი კარგი მინისტრი ხელმძღვანელობს.

მჯერა, რომ თანამშრომლობა ახალ ელჩთანაც ასეთივე წარმატებული იქნება“, – განაცხადა  ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.