გიორგი ამილახვარმა თურქეთის ელჩთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა
გიორგი ამილახვარმა თურქეთის ელჩთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, ალი ქან ორბაისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა და მასთან განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა.

მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით განათლების სხვადასხვა საფეხურზე არაერთი საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთის უნივერსიტეტებს შორის საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირების გამყარებას, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის გაცვლითი პროგრამების შეთავაზებასა და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელებას.

შეხვედრის მონაწილეებმა ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს და პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობები განიხილეს. თავის მხრივ, თურქეთის ელჩმა დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტები და თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა გამოთქვა.

ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.