თურქეთის ელჩი - დღეს საქართველოდან თურქეთში ხუთი სატვირთო მანქანით ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება, გულწრფელი მადლობა საქართველოს, რომ არასდროს გვტოვებთ მარტო
თურქეთის ელჩი - დღეს საქართველოდან თურქეთში ხუთი სატვირთო მანქანით ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება, გულწრფელი მადლობა საქართველოს, რომ არასდროს გვტოვებთ მარტო

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალი ქაან ორბაი აცხადებს, რომ საქართველოდან თურქეთში დღეს ხუთი სატვირთო მანქანით ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება.

მისივე თქმით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც თურქეთის დახმარების მზადყოფნა გამოთქვა და გულწრფელი მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს.

„დღეს საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერის დასატოვებლად იყვნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. მათ პირადად მითხრეს იმ ფინანსური დახმარების შესახებ, რომლის მობილიზებასაც საქართველო ახორციელებს, როგორც თურქეთის ნამდვილი მეგობარი. საქართველოს ოფიციალურ დახმარებასთან ერთად, ჩემ უკან არის სატვირთოები და ეს დახმარება ორგანიზებულია საქართველოში თურქეთის ბიზნესსაზოგადოების მიერ. ეს აჩვენებს ჩვენი ქართველი ძმებისა და დების, აქ მყოფი თურქული საზოგადოების გულუხვობას.

დღეს თურქეთისკენ გაემგზავრება ხუთი სატვირთო მანქანა ჰუმანიტარული ძალისხმევის მხარდასაჭერად. ისინი ჩავლენ გამანაწილებელ ცენტრებში, საიდანაც ტვირთი გაიგზავნება იმ ადგილებში, სადაც ეს ყველაზე მეტად არის საჭირო. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ჩვენი დახმარების მზადყოფნა გამოთქვა. მან გაგზავნა 100 მაშველისგან შემდგარი ძალიან პროფესიონალი რაზმი, რომელიც ახლა ადიამანის პროვინციაში იმყოფება. როგორც ვიცი, ამ დროისთვის მათ უკვე ამოიყვანეს ნანგრევებიდან სამი ადამიანი, ერთ-ერთი მათგანი კი მაშველმა ძაღლმა გადაარჩინა. ჩვენ ვგრძნობთ, რომ საქართველო ამ კატასტროფის პირველივე დღიდან ჩვენ გვერდით დგას. ასე რომ, გულწრფელად მადლობელი ვარ საქართველოს მთავრობის, ქართველი ხალხის, თურქული დიასპორის, ჩვენი ქართველი მეგობრების, ქართველი ძმებისა და დების, რომლებიც არასდროს გვტოვებენ მარტო“, – განაცხადა საქართველოში თურქეთის ელჩმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით მილიონი ლარი გამოიყო. გამოყოფილი თანხა მოხმარდება თურქეთში სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის მედიკამენტების, საკვების, ტანსაცმლის, სამედიცინო აღჭურვილობისა და სხვა საჭიროებების შესყიდვას, ასევე, თურქეთის რესპუბლიკაში ტრანსპორტირებას.