თურქეთის ელჩი - შევაქებ ყველა პოლიტიკურ აქტორს, რომელმაც შეძლო კონსენსუსამდე მისვლა, ეს არის დემოკრატიის საფუძველი
შევაქებ ყველა პოლიტიკურ აქტორს, რომელმაც შეძლო კონსენსუსამდე მისვლა, რაც წარმოადგენს დემოკრატიის საფუძველს, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა საქართველოს პირველ არხს მმართველი გუნდის და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მიერ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა და აშშ-ის ელჩმა სამაგალითო ძალისხმება გაწიეს მედიაციისა და ფასილიტაციის პროცესში.
„ეს ძალიან კარგი შედეგია. ცხადია, უკეთესი იქნებოდა, რომ ეს შედეგი უფრო ადრე დამდგარიყო. მინდა, მივესალმო ჩემი კოლეგების ძალისხმევას, ევროკავშირის წარმომადგენელს და აშშ-ის ელჩს. მათ კარგი და სამაგალითო ძალისხმევა გასწიეს მედიაციისა და ფასილიტაციის პროცესში. შევაქებ ყველა პოლიტიკურ აქტორს, რომელმაც შეძლო კონსენსუსამდე მისვლა, რაც წარმოადგენს დემოკრატიის საფუძველს. ეს შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველის მოქალაქეებს სჯეროდეთ, რომ დემოკრატიული სისტემა მუშაობს“, – განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანმა.
მისი თქმით, დემოკრატია ვერ იქნება სრულყოფილი, ყველა დემოკრატიას აკლია რაღაც, აქვს პრობლემები, მაგრამ ამ მოდელის უკეთესი ალტერნატივა არ არსებობს.
„ეს არის საუკეთესო მოდელი, რაც გაგვაჩნია. ვსაუბრობთ სუვერენიტეტზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე და ვფიქრობ ამ კონცეფციის, ჩვენი ერებისა და ინტერესების საუკეთესოს დაცვის საშუალება არის გადაწყვეტილების მიღების ლეგიტიმურობა, რაც არის დემოკრატია. ვულოცავ ყველას, ვინც წვლილი შეიტანა პროცესში და ველოდებით დემოკრატიული ინსტიტუტების, ტრადიციებისა და დემოკრატიის კულტურის განვითარებას. დემოკრატია არის კულტურა და არა მხოლოდ საარჩევნო ბიულეტენი. ველოდებით, რომ დემოკრატია განვითარდება რეგიონში და საქართველოში. ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველა ვართ ამ პროცესის მონაწილეები“, – განაცხადა ელჩმა.