საქართველოში თურქეთის საელჩოს ორგანიზებით, თურქეთის პირველი ლედის წიგნის „თურქული სამზარეულოს უკვდავი რეცეპტების“ პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოში თურქეთის საელჩოს ორგანიზებით, თურქეთის პირველი ლედის წიგნის „თურქული სამზარეულოს უკვდავი რეცეპტების“ პრეზენტაცია გაიმართა

თურქეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა თურქეთის პირველი ლედის ემინე ერდოღანის მიერ გამოცემული წიგნის „თურქული სამზარეულოს უკვდავი რეცეპტების“ პრეზენტაცია და მასში მოცემული რეცეპტების მიხედვით დამზადებული კერძების დეგუსტაცია მოაწყო. კერძები წიგნიდან  შეფ-მზარეულმა თეკუნა გაჩეჩილაძემ, მის გუნთან ერთად მოამზადა.

წელს პირველად, 21-დან 27 მაისამდე ტარდება თურქული სამზარეულოს კვირეული, რომლის დროსაც თურქეთსა და მსოფლიოს დიდ დედაქალაქებში მოეწყობა პრეზენტაციები და სხვადასხვა სახის ღონისძიებები. ღონისძიებები თურქული სამზარეულოს ადგილობრივი საზოგადოებისთვის გაცნობას ითვალისწინებს.

დღევანდელ ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე დაესწრო.

„ჩვენ ვზეიმობთ საქართველოსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაწყების 30 წლის იუბილეს. საქართველო და თურქეთი არიან ერთმანეთის ძალიან მჭიდრო და სტრატეგიული პარტნიორები. მოხარული ვარ ასევე, რომ ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა მოგვეწერა ხელი თურქეთის იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე რაც კიდევ უფრო გააფართოვებს ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებულ პოზიტიურ ურთიერთობებს. მინდა, მივულოცო თურქულ მხარესაც და ჩვენს შორის პარტნიორობას ვუსურვო კიდევ უფრო მეტად განვითარება და მეტი სარგებლის მოტანა, როგორც თურქი ასევე ქართველი ხალხისთვის“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

შეფმზარეულმა, თეკუნა გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ წიგნში, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა, მოცემულია თურქეთის პირველი ლედის მიერ გათანამედროვებული თურქული სამზარეულოს ტრადიციული რეცეპტები.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე გვაქვს, მწერალთა სახლში ვმასპინძლობთ თურქული სამზარეულოს დღეებს და ეს ემსახურება საოცარი წიგნის პოპულარიზაციას, ზუსტად ამ წიგნის მიხედვით ვაკეთებთ დღეს რეცეპტებს, ეს არის თურქული სამზარეულოს უკვდავი რეცეპტები რომელიც ქალბატონი ემინე ერდოღანის მიერ არის შეკრებილი და დაწერილი და ასე ვთქვათ გათანამედროვებული“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

თავის მხრივ, ფატმა ჯერენ იაზგანმა ხაზი გაუსვა ტრადიციული სამზარეულოს, როგორც ქვეყნების ერთ-ერთი კულტურული ელემენტის მნიშვნელობას.

„​ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის თავზე, გვსურს, ურთიერთობების ეს კულტურული ელემენტი გამოვიყენოთ, როგორიცაა მაგალითად საკვები, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც და თურქეთისთვისაც. რა თქმა უნდა, ეს ვერ ჩაივლიდა მუსიკის გარეშე, კულტურის სხვა ელემენტების გარეშე“, – განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანმა.