თურქეთი მზად არის, აშშ-სთან ორ ქვეყანას შორის არსებული საკითხები განიხილოს
თურქეთი მზად არის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორ ქვეყანას შორის არსებული საკითხები განიხილოს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ანკარაში, დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ყველაფრის მიუხედავად, არსებული პრობლემების მოსაგვარებლად მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ. მე ღიად ვსაუბრობ, თუმცა მხოლოდ ერთ შემთხვევაში – არ უნდა იყოს მუქარა და მითითებები“, – განაცხადა თურქეთის პირველმა დიპლომატმა საუბრის დროს.
ბოლო პერიოდში თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით გამწვავდა. რამდენიმე მიზეზს შორის ერთ-ერთი თურქეთში დაპატიმრებული ამერიკელი პასტორია. ედნრიუ ბრანსონი ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით თურქეთში 2016 წელს დააკავეს.
თურქეთი, ამერიკელი პასტორის გათავისუფლების სანაცვლოდ, აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის თურქეთში ექსტრადირებას ითხოვს. ოფიციალური ანკარა მას 2016 წელს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს. აღნიშნულ წინადადებას ოფიციალური ვაშინგტონი არ თანხმდება. უთანხმოების ფონზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს სანქციებიც დაუწესა.