თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრაზე რეგიონულ საკითხებს, ასევე ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვნად განსხვავებულ პოზიციებს განიხილავენ
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრაზე რეგიონულ საკითხებს, ასევე ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვნად განსხვავებულ პოზიციებს განიხილავენ

ამერიკის შეერთებული შტატებისა და თურქეთის პრეზიდენტები მომავალ კვირას შეხვდებიან, რათა განიხილონ სირიის, ავღანეთისა და სხვა რეგიონული საკითხები. ჯო ბაიდენი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ასევე განიხილავენ ვაშინგტონსა და ანკარას შორის მნიშვნელოვნად განსხვავებულ პოზიციებს, – ამის შესახებ ეროვნულ საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

როგორც სალივანმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თურქეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრაზე განხილული იქნება ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის საკითხი, სირია, ირანი, ასევე ის, თუ რა როლს შეასრულებს თურქეთი ავღანეთში აშშ-ის ძალების გაყვანის შემდეგ.

შეხვედრაზე მხარეები ასევე განიხილავენ ორმხრივ კავშირებსა და გზებს, თუ როგორ დააახლოონ მნიშვნელოვნად განსხვავებული პოზიციები ღირებულებებთან, ადამიანის უფლებებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

„პრეზიდენტი ბაიდენი ძალიან კარგად იცნობს ერდოღანს. მათ საკმაოდ ბევრი დრო აქვთ გატარებული ერთად და ვფიქრობ, ორივე ელოდება საქმიან შესაძლებლობას, რათა სრულად განიხილონ ფართო ურთიერთობები“, – განაცხადა სალივანმა.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა ბრიუსელში 14 ივნისს, ნატო-ს სამიტის ფარგლებშია დაგეგმილი.