ტურისტულ სეზონზე ანაკლია-განმუხურში კონცერტებს ორგანიზებას Black Sea Arena-ს მენეჯმენტ ჯგუფი გაუწევს
ანაკლია-განმუხურის ტურისტული სეზონის დაგეგმვასთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გუბერნატორ ლევან შონიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, Black Sea Arena-ს დირექტორი, ანი კავლელიშვილი ესწრებოდა.
სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონაში კონცერტებს ორგანიზებას Black Sea Arena-ს მენეჯმენტ ჯგუფი გაუწევს.
„წლევანდელი სეზონი უნდა იყოს მაქსიმალურად დატვირთული, არამხოლოდ ერთი მიმართულებით, არამედ ეს უნდა იყოს ყველასთვის საინტერესო დასასვენებელი ადგილი. ანაკლიაში წელს ელექტრონული მუსიკის „ვიქენდებითან“ ერთად, სხვადასხვა სახის გასართობი და სპორტული ღონისძიება გაიმართება“, – განაცხადა შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ და აღნიშნა, რომ საოჯახო ტიპის სასტუმროები, რომელთა პერსონალი USAID-თან თანამშრომლობით გადამზადდა, ახალი სეზონისთვის მზად არიან.
ანი კავლელიშვილის თქმით, Check in Georgia-სთვის სამეგრელო უმნიშვნელოვანესი რეგიონია. ანაკლია-განმუხურის ტერიტორიას კი, დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს.
„ანაკლია-განმუხურის ტერიტორია უდიდეს პოტენციალს ატარებს, რათა ტურისტულად საინტერესო და მიმზიდველი გახადოს საქართველო. სწორედ ამიტომ, Black Sea Arena-ს მენეჯმენტი პროფესიონალების გუნდთან ერთად, მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ანაკლიაში 2018 წლის ზაფხული საინტერესო და მიმზიდველი გახდეს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ბატონმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, 2019 წლიდან გამოცხადდება სახელმწიფოს მრავალწლიანი მხარდაჭერის პროგრამა, რაც ანაკლიისთვის ახალ ფესტივალს შექმნის“, – განაცხადა შეხვედრაზე ანი კავლელიშვილმა.
ანაკლიაში წელს, USAID-ის პროექტ ZRDA-სთან ერთად, ასევე ჩატარდება ბიზნესფესტივალი „ანაკლიობა“, რომელიც რეგიონში ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.