ტურინში, ანტისამთავრობო აქციაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა
იტალიის ქალაქ ტურინში, ანტისამთავრობო აქციაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა. შეტაკებების შედეგად 15 ადამიანი დაშავდა. დემონსტრანტები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის მმართველობას აპროტესტებენ.
ტურინში შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ სტუდენტებს არ მისცა უსაფრთხოების კორიდონის გარღვევის და პიაცა კასტელოს ცენტრალურ მოედანზე მდებარე ადმინისტრაციულ შენობასთან მისვლის საშუალება.
მომხდარს გამოეხმაურა თავად მელონიც.
„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით ზოგიერთ მოედანზე ძალადობისა და ქაოსის მიუღებელი სცენების მომსწრე, რომელიც გამოწვეულია ჩვეულებრივი კანონდამრღვევების მიერ“, – ამბობს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.
საპროტესტო აქციები, ტურინის გარდა, ასევე გაიმართა მილანსა და რომში.
მედიის ცნობით, იტალიის მასშტაბით გამართული აქციების ორგანიზატორები სტუდენტები არიან, რომლებიც მელონის მთავრობის პოლიტიკით არიან უკმაყოფილო, განსაკუთრებით განათლების სფეროში. ზოგიერთ საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტები ასევე გამოდიოდნენ ისრაელისთვის იარაღის მიყიდვის წინააღმდეგ და ღაზის მოსახლეობის მხარდასაჭერად.