თსუ-ში საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიალი გაიმართა [ფოტო]
თსუ-ში საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიალი გაიმართა [ფოტო]

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საპატიო დოქტორის წოდების მინიჭებისა და უნივერსიტეტების მედლით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

თსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება ევროპისა და აშშ-ს შვიდი უნივერსიტეტის რექტორებს და სამი უნივერსიტეტის პროფესორებს მიენიჭათ.

„დღეს ჩატარდა რამოდენიმე ღონისძიება, რომელიც ეძღვნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავს. გაიმართა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც მიეძღვნა განათლების მომავალს. ძალიან საინტერესო მოხსენებით წარდგა ბევრი ჩვენი პარტნიორი. ბევრი საერთაშორისო კონტაქტი გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან. დაახლოებით 200 უნივერსიტეტთან გვაქვს გაფორმებული ხელშეკრულება. კიდევ დაემატა რამოდენიმე უნივერსიტეტი. ასევე გავაფორმეთ ხელშეკრულება უნგრეთის, იტალიის უნივერსიტეტებთან. ვამზადებთ კიდევ რამოდენიმე ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს ქართველოლოგიის განვითარებას, სტუდენტების გასვლას და ერთობლივ კვლევას. გარდა ამისა, დღეს გაჟღერდა კიდევ ორი ახალი ინიციატივა. ეს გახლავთ ის, რომ ევროპის აკადემიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში გაიხსნება წარმომადგენლობა, რომელიც მთელ რეგიონს დაფარავს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს ევროპის აკადემიის წარმომადგენლობას, – განაცხადა თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

ღონისძიებას თსუ-ს რექტორთან ერთად ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, სტუდენტები და ასევე ქართველი და უცხოელი პროფესორები.