თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია „ქართულ-ოსური ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“ მიმდინარეობს
კოსტა ხეთაგუროვის დაბადებიდან 159-ე წლისთავს აღნიშნავენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, სადაც მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია იმართება სახელწოდებით „ქართულ-ოსური ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“.
ღონისძიებებში მონაწილეობას ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიიდან ჩამოსული მეცნიერები იღებენ, მათ შორის ცხინვალიდან და ვლადიკავკაზიდან.
„წელს ტარდება მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავს. ეს გახლავთ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები. ჩვენდა სასიხარულოდ, დღეს ჩვენთან არიან მეცნიერები ჩრდილოეთ კავკასიიდან და სამხრეთ კავკასიიდანაც. უპირველეს ყოვლისა, მინდა, რომ აღვნიშნო ეს ერთიანობა, რომელიც საერთოდ კავკასიელებს გვახასიათებს და უნივერსიტეტს ჰეგემონიური როლი ჰქონდა მთელ კავკასიაში. აქ იყვნენ ჩრდილოეთ კავკასიის წარმომადგენლები, როგორც ასპირანტები, მეცნიერები, სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები და იმაღლებდნენ თავიანთ კვალიფიკაციას სწორედ ამ უმაღლესში.
სიმბოლურია, რომ დღეს თავი მოიყარეს აქ ვლადიკავკაზიდან, ნალჩიკიდან, ასევე, სხვა ქალაქებიდან, სხვადასხვა რესპუბლიკებიდან ჩამოსულმა ადამიანებმა და დღეს წარმატებით განხორციელდება მათი სამეცნიერო სურვილები. ისინი ერთად იმსჯელებენ იმ საერთო საკითხებზე, რომელიც ბევრი დაგროვდა. ეს არის აღდგენა იმ დიდი წარსულისა, რომელიც ჩვენ ქართველ მეცნიერებს და ასევე, ჩრდილოეთ კავკასიელ მეცნიერებს გვაერთიანებდა და ისინი წლების განმავლობაში ერთად ძალიან მეგობრულად მუშაობდნენ. ჩვენი სურვილია, რომ ეს ჰარმონია, რომელიც არსებობდა კვლავ გაგრძელდეს, ეს მეგობრობა სამეცნიერო ურთიერთობებისა კვლავ აღდგეს და მომავალში ჩვენ მივიღოთ ერთიანი მთლიანი კავკასიის ინტერესების დაცვა“, – განაცხადა თსუ-ს ქართულ-ოსური ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევის დირექტორმა, ნაირა ბეპიევმა.
პოეტი და პუბლიცისტი კოსტა ხეთაგუროვი ოსური ლიტერატურული ენის დამფუძნებლად მიიჩნევა.
1899 წელს მან გამოუშვა პოეტური კრებული „ოსური ლირა”, რომელშიც, მათ შორის, პირველად გამოქვეყნდა ლექსები ბავშვებისთვის ოსურ ენაზე.
„კოსტაობა 2018“-ის ორგანიზატორები არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია.