თსუ-ში „კლუბი 93-ე აუდიტორია“ აღდგა
თსუ-ში „კლუბი 93-ე აუდიტორია“ აღდგა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „კლუბ 93-ე აუდიტორიის“ პროექტი აღდგა. „კლუბი 93-ე აუდიტორია“ არის ადგილი უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, სადაც წლების განმავლობაში ახალგაზრდა მწერალთა შეხვედრა-დისკუსიები და სხვა ღონისძიებები იმართებოდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, შეხვედრებზე ახალგაზრდა შემოქმედთა ნამუშევრებზე იმსჯელებენ.

„ჩვენი შეკრების მიზანი იყო, რომ კიდევ ერთხელ, ჩვენი კოლეგებისთვის, უნივერსიტეტისა და არა მხოლოდ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისთვის შეგვეთავაზებინა, აღდგეს სტუდენტური ალმანახი და აღდგეს შეხვედრებიც. კარგია, როდესაც ხდება კრიტიკული გააზრება იმისა, რასაც ქმნის ახალგაზრდა შემოქმედი“, – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

როგორც შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, აუდიტორიაში სისტემატურად გაიმართება შეხვედრები მწერლებთან.

„ჩვენი სტუდენტური ცხოვრება დაკავშირებულია 93-ე აუდიტორიასთან. მიხარია, რომ აღდგება ეს ტრადიცია, რადგან ტრადიცია ყოველთვის ძვირფასია და მისი აღდგენის მცდელობა საშური საქმე იქნება“, – განაცხადა პოტმა დათო მაღრაძემ.

აღდგება ლიტერატურული ჟურნალიც, სადაც როგორც ახალგაზრდების, ასევე ცნობილი მწერლების ნაწარმოებები დაიბეჭდება. უნივერსიტეტის ლიტერატურული წრე პირველად 1947 წლის სექტემბერში შეიკრიბა. 1951 წლის 24 დეკემბრიდან ყოველ მომდევნო წელს ალმანახ „პირველი სხივის“ ახალი ნომერი გამოდიოდა.